რადიკალი ირანელი დეპუტატი, რომელიც დემონსტრანტების სიკვდილით დასჯას მოითხოვდა, ირანში პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირეს. ყოფილი პარლამენტარი ზოჰრეჰ ელაჰიანი ირანის ისტორიაში პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი ქალია.
ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი რაისი გასულ თვეში ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა. ზოჰრეჰ ელაჰიანი პროფესიით ექიმი და პარლამენტის უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ყოფილი წევრია, ორჯერ იკავებდა პარლამეტში დეპუტატის თანამდებობასაც. წლევანდელ არჩევნებში ელაჰიანის სლოგანი „ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა, ჯანსაღი საზოგადოება” იქნება,
ელაჰიანი ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამეინის ერთგული მხარდამჭერია. მარტის თვეში კანადამ ელაჰიანის წინააღმდეგ სანქციებიც დააწესა, ვინაიდან პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატი მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე, მშვიდობის“ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა სიკვდილით დასჯას ითხოვდა. თავად ელაჰიანი ირანში ჰიჯაბის ტარებას ემხრობა.
2022 წლის გამოსვლების შემდეგ, რომლებიც ქალთა უფლებების დამცველი მაჰსა ამინის პოლიციის განყოფილებაში დაღუპვას მოჰყვა, სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლებმა 550-ზე მეტი მომიტინგე მოკლეს. ამინი მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. გასულ წელს კი ქვეყანამ 800-ზე მეტი ირანელი სიკვდილით დასაჯა, რაც ქვეყნის ისტორიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ირანში პრეზიდენტის კანდიდატად დარეგისტრირების საბოლოო გადაწყვეტილებას კონსტიტუციის გუშაგთა საბჭო იღებს. ირანში ქალებს პრეზიდენტის კანდიდატად დარეგისტირებას კანონი უკრძალავს. კანონის მიხედვით, კანდიდატები rijal-ის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, რაც „კაცებს“ ნიშნავს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისი თარგმნა ზოგად ტერმინადაც – „ხალხი“, „ფიგურა“ – შესაძლებელია.