ირანმა შეიარაღებაში ახალი ჰიპერბგერითი იარაღი მიიღო

ირანმა შეიარაღებაში ახალი ჰიპერბგერითი იარაღი მიიღო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შეიარაღებაში ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა, Fattah-2 მიიღო. IRGC-ის კოსმოსური ძალების სარდლობამ ახალი ჰიპერბგერითი იარაღი ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს წარუდგინა. ირანული სახელმწიფო მედიასააგენტოს, Tasnim-ის ინფორმაციით, რაკეტა პლანირებადი მართვადი თავაკითაა აღჭურვილი, რაც რაკეტის ჰიბერბგერით სიჩქარეზე მართვის შესაძლებლობას იძლევა. ბალისტიკური რაკეტისაგან განსხვავებით, პლანირებადი მართვადი თავაკი რაკეტას უფრო მობილურს ხდის.

შეგახსენებთ, რომ Fattah-ის პირველი ვერსია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კოსმოსურმა სარდლობამ ივნისში წარადგინა. აღნიშნული ჰიპერბგერითი რაკეტის საცეცხლე მანძილი, ირანული მედიის ინფორმაციით, 1,400 კილომეტრია, სიჩქარე კი 13 მახს (დაახლოებით 16,000 კმ/სთ) შეადგენს. ირანული მედიის მტკიცებით, Fattah-2-ის სიჩქარე კი 15 მახი იქნება. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განმარტებით, რაკეტის საცეცხლე მანძილი უახლოეს მომავალში 2,000 კმ-მდე გაიზრდება.

აღნიშნული სახის შეიარაღების მიღება, ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცნობისათვის, ჰიპერბგერით შეიარაღებას მსოფლიოში ოფიციალურად მხოლოდ 4 სახელმწიფო – ირანი, აშშ, ჩინეთი, რუსეთი – ფლობს. ახლო აღმოსავლეთში კი ირანი ჰიპერბგერითი შეიარაღების მფლობელი ერთადერთი სახელმწიფოა.