ერაყის სატრანსპორტო მრჩევლის პროგნოზით, ერაყსა და ირანს შორის პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა, 18 თვეში გაიხსნება. მეზობელ ქვეყნებს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მილიონობით შიიტ მუსლიმ პილიგრიმს ერაყში სალოცავების ყოველწლიურად მონახულებაში დაეხმარება.
რკინიგზის ხაზი დაახლოებით 30 კილომეტრი სიგრძის იქნება და ერთმანეთთან ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრასა და ირანის სასაზღვრო ქალაქ შალამჯას დააკავშირებს.
ეს გადაწყვეტილება ერაყისა და ირანის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერაყში პროირანულმა შიიტურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი გავლენები კიდევ უფრო გააძლიერეს.
ერაყის პრემიერ-მინისტრის სატრანსპორტო მრჩევლის, ნასერ ალ-ასადის განცხადებით, სარკინიგზო მიმოსვლა 18 თვეში უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, მისი განმარტებით, ერაყის ხელისუფლება ქალაქებს, ქარბალასა და ნაჯაფს შორის მეტროს გახსნასაც განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 1980-1988 წლებში ერაყსა და ირანს შორის 8-წლიანი ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბული დიდხანს რჩებოდა. თუმცა 2003 წელს აშშ-ის ერაყში ინტერვენციის შემდეგ, პროირანული შიიტური პოლიტიკური პარტიები ბაღდადში მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებად მოგვევლინა. სადამ ჰუსეინის გადაგდების შემდეგ კი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები წლიდან წლამდე იზრდება.
ცნობისთვის, ყოველწლიურად ერაყში, შიიტურ წმინდა ქალაქ ქარბალაში 20 მილიონამდე პილიგრიმი იკრიბება.