ჩინური Chery რუსულ ქარხნებში ავტომობილების საწარმოებლად მოლაპარაკებებს მართავს

ჩინური Chery რუსულ ქარხნებში ავტომობილების საწარმოებლად მოლაპარაკებებს მართავს

ჩინური კომპანია Chery რუსულ ქარხნებში ავტომობილების საწარმოებლად მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასააგენტო Tass-ი ავრცელებს. როგორც ჩანს, Tass-ი Chery-ს რუსული დანაყოფის დირექტორის, ვლადიმირ შმაკოვის სიტყვებს ეყრდნობა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გეგმებში რუსეთის ტერიტორიაზე წარმოების ლოკალიზებაა“, – აცხადებს ვლადიმირ შმაკოვი. გარდა ამისა, კომპანიის მიზანი 2022 წელს რუსეთში ავტომობილის გაყიდვების 80,000-დან 100,000 ერთეულამდე გაზრდაა.

ცნობისათვის, Chery ჩინეთში მეცხრე ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელია. 2021 წელს კომპანიამ საერთო ჯამში 959,000 ერთეული ავტომობილი გაყიდა. ევროპული ბიზნესების ასოციაციის მონაცემებით კი, აქედან რუსულ ბაზარზე მხოლოდ 40,874 ერთეული გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ოკუპანტი ქვეყანა თითქმის ყველა მსხვილმა ავტომწარმოებელმა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებლებს რუსეთში მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტიციები ჰქონდათ განხორციელებული, მათ საკუთარი აქტივები გაასხვისეს და ბაზრიდან გავიდნენ. ავტომწარმოებლების გარდა, რუსული ბაზარი ავტონაწილებისა თუ საბურავების მწარმოებელმა კომპანიებმაც დატოვეს.

როგორც ჩანს, დასავლური ავტომწარმოებლების შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსებას რუსეთი ჩინური კომპანიების წახალისებით გეგმავს. ომის დაწყების შემდეგ, რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობა არამხოლოდ საავტომობილო ინდუსტრიაში გაიზარდა. ჩინური Chery-ს რუსულ ბაზარზე ზრდაც სწორედ ამ არგუმენტით შეგვიძლია ავხსნათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *