საქართველოში ისრაელიდან ფულადი გზავნილები წლიურად 96.1%-ით გაიზარდა. ისრაელიდან ფულადმა გზავნილებმა ზრდა 2014 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, თუმცა გასულ წელს განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის გაორმაგებული იყო. ჯამში გასულ წელს, ისრაელიდან საქართველოში 212 მლნ დოლარზე მეტი თანხა გადმოირიცხა.
შედეგად, იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ხორციელდება საქართველოში ისრაელმა მეხუთე ადგილი დაიკავა.
ისრაელიდან ფულადი გზავნილები იზრდება მიმდინარე წელსაც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ზრდამ 84% შეადგინა. იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 31.1 პროცენტით გაიზარდა და 110.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ისრაელის წვლილმა მთლიანი გზავნილების ზრდაში 6.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. იანვარში საქართველოში ისრაელიდან 11 მლნ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.
ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი რუსეთსზე მოდის – 33%, მას მოსდევს საბერძნეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და იტალია. ისრაელი კი გასულ წელს მეხუთე პოზიციას 9%-ით იკავებდა.