ივნისში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 44%-ით შემცირდა - ეროვნული ბანკი

ივნისში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 44%-ით შემცირდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ივნისში ქვეყანაში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 17.4%-ით შემცირდა და 353.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემცირდა საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობაც – ამ შემთხვევაში კლებამ 2.5% შეადგინა, გადარიცხული თანხების მოცულობამ კი 28.8 მილიონი აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 44%-ით შემცირდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი წილი მთლიან გადმორიცხვებში მაინც მაღალია. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 129 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რითაც ის ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს წარმოადგენდა, 36.6%-იანი წილით.

ფულად გზავნილებში წილის სიდიდით (32.3%) მეორე ადგილს ევროკავშირი იკავებს. მათ შორის, გამოსარჩევია გადმორიცხვები იტალიიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან.

ამის შემდეგ, ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ამერიკის შეერთებული შტატები მოდის. ივნისში მთლიან გზავნილებში მისმა წილა 11% შეადგინა, წლიურმა ზრდამ კი 40%.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა მეზობელი თურქეთიდან. მატებამ 26.5% შეადგინა, მთლიან გადმორიცხვებში წილმა კი 3%.

საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირებულია ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან, შესაბამისად, 45.9%-ითა და 24.7%-ით. მცირედით იკლო ყაზახეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობამ. უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კი კვლავ მინიმალურ დონეზე დარჩა.

ქვეყნების წილი სწრაფ ფულად გზავნილებში, 2023 წლის ივნისი

რუსეთი – 37%

ევროკავშირი – 32% (იტალია 12%, საბერძნეთი 6%, გერმანია 6%, დანარჩენი 9%)

აშშ – 11%

ისრაელი – 6%

თურქეთი – 3%

სხვა – 12%