ჩინელი მილიარდერის ჯეკ მას კომპანია Ant Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. როგორც CNN-ი წერს, გადადგომის შესახებ საიმონ ჰუს განცხადება კომპანიის დირექტორთა საბჭომ უკვე დააკმაყოფილა. Ant Group-ის პრესსპიკერის განცხადებით, CEO-ს გადადგომა პირად მიზეზებს უკავშირდება.
„ჩვენ მადლობელი ვართ საიმონის იმისათვის, რაც მან ჩვენი კომპანიისთვის გააკეთა“, – განაცხადეს კომპანიაში. მის შემცვლელად კი კომპანიის თავმჯდომარე ერიკ ცზინი დაასახელეს.
ჯეკ მას Alibaba Group-ში შემავალი კომპანია Ant Group-ი ცნობილია ციფრული გადახდის აპლიკაცია Alipay-ით, რომელსაც ყოველთვიურად 700 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
Ant Group-ის სამუშაო მიმართულებებს ონლაინ ინვესტირება, სადაზღვევო სფერო და სამომხმარებლო სესხებიც წარმოადგენს, რაც ბიზნესს აქტივების მოცულობის $635 მილიარდამდე გაზრდაში დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პეკინი ტექნოლოგიურ კომპანიებზე კონტროლს აფართოებს და ეს განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში შეინიშნება. ცნობისთვის, Ant Group-ი რამდენიმე თვის წინ აქციების პირველად საჯარო განთავსებას (IPO) გეგმავდა, რაც ჩაიშალა. ამის მიზეზი ჩინეთის მარეგულირებლების ბრალდებები და წინააღმდეგობა გახდა.
კერძოდ, მარეგულირებელმა სამსახურმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით Alibaba-ში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, დაკითხა მათი კონკურენტი კომპანიების – Tencent-ისა და Pinduoduo-ს აღმასრულებლებიც. შესაძლოა, სამომავლოდ მარეგულირებლები ელოდებიან, რომ Ant Group-ი უფრო მეტად ტრადიციულ ჩინურ ბანკად ჩამოყალიბდება, ვიდრე ტექნოლოგიურ კომპანიად.
რაც შეეხება გადამდგარ ჰუს, ის Alipay-ს 2006 წელს შეუერთდა. მანამდე ჩინეთის Construction Bank Corporation-სა და China Everbright Bank-ში მუშაობდა. მას Alibaba-სა და Ant Group-ში სხვადასხვა პოზიცია ეკავა მანამ, სანამ 2019 წელს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშნავდნენ.