ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აშშ-ში ექვსი წლის შემდეგ პირველად ჩავიდა. ჩინეთის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი ჯო ბაიდენთან შეხვედრას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ითვალისწინებს. სი ძინპინი ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს, ბოლოს გასულ წელს, 2022 წლის 14 ნოემბერს შეხვდა. მხარეების დღის წესრიგში ბოლო წლებში გაძლიერებული დაძაბულობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ტაივანის, ნარკოტრეფიკინგის და ხელოვნური ინტელექტის საკითხების განხილვა დგას. წინასწარი ინფორმაციით, მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ეკონომიკის ლიდერები სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრებენ.
პოლიტიკის ანალიტიკოსები პრეზიდენტების შეხვედრაზე დიდ იმედებს არ ამყარებენ. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ ლიდერებმა ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, ისრაელ-„ჰამასის“ ომის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის, ჩრდილოეთ კორეისა და ადამიანის უფლებათა საკითხები უნდა განიხილონ. ზემოხსენებულ საკითხებზე კი ორ სახელმწიფოს ისტორიულად განსხვავებული პოზიციები უკავია.
ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (EPAC) სამიტის ფორმატში შედგება.
დარგის ექსპერტების მოსაზრებით, ჯო ბაიდენი სი ძინპინს ირანთან მიმართებით პროაქტიულ მოქმედებას და საკუთარი გავლენის გამოყენებას საჯაროდ მოსთხოვს, რათა ახლო აღმოსავლეთში არსებულმა დაპირისპირებამ ფართო-რეგიონული ხასიათი არ მიიღოს.
სამიტს პოლიტიკოსების გარდა ამერიკული უმსხვილესი კომპანიის 20-მდე აღმასრულებელი დირექტორიც ესწრება. შესაბამისად, მხარეები ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობასაც განიხილავენ.