ჯონ ლენონის „გრემის“ ჯილდო აუქციონზე იყიდება

ჯონ ლენონის „გრემის“ ჯილდო აუქციონზე იყიდება

ბრიტანელი მომღერლისა და The Beatles-ის წევრის, ჯონ ლენონის მიერ მოპოვებული პოპულარული ჯილდო „გრემი“ აუქციონზე გაიყიდება. ჯონ ლენონის „გრემის“ კომპანია Gotta Have Rock and Roll-ი ყიდის. აღნიშნული კომპანია მსგავსი სახის მუსიკალური ნივთების გაყიდვითაა ცნობილი.

ონლაინ განთავსებული ნივთის ფასი $200,000-დან დაიწყება. ექსპერტების პროგნოზით კი, აუქციონი $300,000-დან $500,000-მდე შუალედში გაგრძელდება. ამჟამად ნივთის შესასყიდად ორი ბიდია განხორციელებული. შემდეგ მსურველს კი ნივთის შესაძენად ბიდის $220,000-მდე გაზრდა მოუწევს.

საინტერესოა, რომ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი „გრემი“ სტანდარტული არ არის და „გრემის რწმუნებულ ჯილდოს“ წარმოადგენს. აუქციონის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ამ ტიპის ჯილდო იმ პირებს გადაეცემათ, ვინც თავიანთი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინდუსტრიის განვითარებაში როგორც საშემსრულებლო, ისე ჩანაწერების მიმართულებით. The Beatles-მა აღნიშნული ჯილდო 1972 წელს მიიღო. Grammy Trustee Award-ი ჯგუფის ოთხივე წევრს გადაეცა. ასეთი მნიშვნელობის ჯილდოები კი აუქციონზე იშვიათად იყიდება.