ჯონი დეპმა Dior-თან მამაკაცის სუნამოების ინდუსტრიისთვის ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი გააფორმა

ჯონი დეპმა Dior-თან მამაკაცის სუნამოების ინდუსტრიისთვის ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი გააფორმა

ამერიკელ მსახიობ ჯონი დეპსა და Dior-ს შორის პარტნიორობა მამაკაცის სუნამოების ინდუსტრიის ისტორიისთვის ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტით გაგრძელდა. Variety-ის ინფორმაციით, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავმა ცნობილ ბრენდთან $20-მილიონიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ დრომდე, ინდუსტრიისთვის უმსხვილესი $12-მილიონიანი პარტნიორობა Dior-ს რობერტ პატინსონთან აკავშირებდა.

ფრანგული მოდის სახლი Dior-ი ჯონი დეპთან 2015 წლიდან თანამშრომლობს. მსახიობთან პარტნიორობის გამო კომპანია საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტადაც იქცა, რაც ჯონი დეპსა და მის ყოფილ ცოლ ემბერ ჰერდს შორის მიმდინარე სასამართლო დავებს უკავშირდებოდა. გასულ წელს, ჰერდთან მოგებული სასამართლო პროცესიდან დაახლოებით ერთ კვირაში, დეპი Dior Sauvage-ის სარეკლამო კამპანიაშიც მოხვდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ემბერ ჰერდი ცილისწამებაში ამხილეს, ხოლო დეპის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს, რამაც მსახიობის განცხადებით, „მისი ცხოვრება უკან დაუბრუნა“. დეპთან დაახლოებულმა ინსაიდერებმა აპრილში განაცხადეს, რომ მსახიობი ამჟამად „სრულად სამსახურზეა ფოკუსირებული“.

გასულ წელს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჯონი დეპმა გიტარისტთან და მის უახლოეს მეგობარ ჯეფ ბეკთან ერთად ტურნეც გამართა. დიდ ეკრანს კი მსახიობი ახალი ფრანგულენოვანი ფილმით, Jeanne Du Barry-ით დაუბრუნდება, სადაც დეპი მეფე ლუი XV-ის როლს შეასრულებს. მაივენის ნამუშევრის პრემიერა 16 მაისს, კანის კინოფესტივალზე შედგება.