გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს კრიზისის დროს გამოჩენილი გამბედაობისთვის, „სერ უინსტონ ჩერჩილის ლიდერობის ჯილდო“ გადასცა.
ჯონსონის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ჯილდო ვიდეოჩართვის საშუალებით მიიღო. ცერემონიას ჩერჩილის ოჯახის წევრები, უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო და ბრიტანელი სამხედროების მიერ გაწვრთნილი უკრაინელები ესწრებოდნენ. „ჩერჩილის ლიდერობის“ ჯილდო პირველად 2006 წელს გაიცა და მიმღებ პირთა შორის არიან: პრინცი ჩარლზი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერები მარგარეტ ტეტჩერი და ჯონ მეიჯორი და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი.
ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე, ზელენსკისადმი მიმართვაში, ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინაში ომის დაწყების დღე გაიხსენა და კრიზისის დროს პრეზიდენტის ლიდერობის გამოცდის სიმძიმე ჩერჩილის 1940 წლის გამოწვევას შეადარა. ზელენსკიმ ბორის ჯონსონსა და გაერთიანებულ სამეფოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ქვეყნების ლიდერებს შორის მჭიდრო ურთიერთობა მას შემდგომ დამყარდა, რაც ჯონსონი G7 ქვეყნის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდგომ ეწვია.
ცნობისთვის, პარალელურად უკრაინელებმა პეტიცია შეიმუშავეს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან ერთად, მისი უკრაინის პრემიერმინისტრად დანიშვნაც მოითხოვეს. ზელენსკისადმი მიმართულმა პეტიციამ, ოფიციალურ საიტზე განთავსებიდან ერთ საათში 2,500-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. უკრაინის პრეზიდენტს „ჩერჩილის ჯილდოს“ მიღებისას პეტიციაზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა 25,000 ხელმოწერის შემთხვევაში ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწევს.