აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საარჩევნო კანდიდატურის მოხსნის შემდეგ პრეზიდენტობის ახალი პოტენციური კანდიდატის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიისთვის დონაციის სახით 100 მილიონ დოლარზე მეტი გაიღეს.
ჰარისის გუნდის თანახმად, ამ ოდენობის თანხის მოგროვება, დიდწილად, 24-საათიანი ფანდრაიზინგის შედეგია.
დონაციების პლატფორმა ActBlue-ის თანახმად, ამ დროის განმავლობაში 888,000-ზე მეტმა ადამიანმა გადარიცხა 200 დოლარამდე ოდენობის თანხა.
აღსანიშნავია, რომ დონორები, რომლებმაც ბაიდენის დაფინანსებაზე უარი თქვეს მისი ასაკის გამო, ახლა პარტიისთვის დახმარების გახანგრძლივებას აპირებენ.
როგორც გამოცემა New York Times-ი წერს, 2020 წლის შემდეგ ეს დემოკრატებისთვის ყველაზე მასშტაბური ონლაინკონტრიბუციაა.
დაფინანსება უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული პარტიისთვის, რომელიც მხარდაჭერის ნაკლებობას განიცდიდა ივნისში დონალდ ტრამპთან ბაიდენის არც ისე წარმატებული დებატის შემდეგ. მხარდამჭერთა შორის არიან გრასრუტ ორგანიზაციები, შავკანიან ქალთა ჯგუფების ლიდერები, პოლიტიკური დონორები და სხვ.