კაზინოების მაგნატი მილიარდერი შელდონ ადელსონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადელსონი მისმა სათამაშო და სასტუმროების ბიზნესმა აშშ-ისა და ისრაელს შორის მთავარ “პოლიტიკურ ბროკერად” აქცია.
კაზინო Las Vegas Sands-ის დამფუძნებელი ადელსონი ცნობილი იყო როგორც ისრაელის დიდი მხარდამჭერი. ის ასევე მხარს უჭერდა ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
როგორც Las Vegas Sands-ში აცხადებენ, ადელსონის გარდაცვალება ლიმფომაზე მკურნალობის დროს გართულებებმა გამოიწვია.
ადელსონის გარდაცვალებას არაერთი პოლიტიკური ლიდერი გამოეხმაურა.
“ის ამერიკელი პატრიოტი იყო, გულუხვი ქველმოქმედი და დონორი, ისრაელის დიდი მხარდამჭერი. ის ბევრს მოენატრება“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.
ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ადელსონს და მის მეორე ცოლს, რომელიც ისრაელიდანაა, უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ებრაელი ხალხის გაძლიერებაში.
“ის ჩვენი მეგობარი იყო და ასევე ებრაელი ხალხის, ებრაული სახელმწიფოს და ისრაელისა და ამერიკის კავშირების წარმოუდგენელი დამცველი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შელდონ ადელსონი 1933 წელს დაიბადა და გაიზარდა ბოსტონში, ის ებრაელი იმიგრანტების ვაჟი იყო. ადელსონმა მუშაობა ადრეულ ასაკში დაიწყო, თავდაპირველად ის ყიდდა გაზეთებს ქუჩაში. კოლეჯიდან გამორიცხულმა თავდაპირველად კარიერა კომპიუტერული ბიზნეს კონფერენციის ორგანიზებით დაიწყო. მაშინ 1970იანი წლები იყო. სწორედ ამის შემდეგ, ღონისძიების ვიზიტორების განსათავსებლად მეტი სივრცის უზუნველყოფის მიზნით, ის სტუმარმასპინძლობის ბიზნესშიც შევიდა და Sands hotel შეიძინა. შემდეგ კი იყო სათამაშო ინდუსტრიაში შესვლა და ლას-ვეგასში, სინგაპურსა და მაკაოში სასტუმრო და სათამაშო კომპლექსების დაარსება.
ის მსოფლიოს 30 უმდიდრესი ადამიანის სიაში იყო დაახლოებით $30 მილიარდიანი ქონებით.
ადელსონი ხშირად აფინანსებდა სამედიცინო კვლევებს, ებრაელ ახალგაზრდებს, უნივერსიტეტებს და სხვა. ის ასევე მედიასფეროშიც იყო წარმოდგენილი, მან თელავივში დააარსა გამოცემა Israel Hayom-ი, ხოლო 2015 წელს Las Vegas Review-Journal იყიდა და მისი მფლობელი გახდა.
მას ასევე შეწირული აქვს ასობით მილიონი დოლარი რესპუბლიკური პარტიისთვის და კონსერვატიული ჯგუფებისთვის ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში. მათ შორის $25 მილიონი პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომელმაც ადელსონის ცოლი 2018 წელს თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.