კელი დეგნანი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა

კელი დეგნანი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა

აშშ-ის სენატმა კელი დეგნანი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ელჩის პოზიცია ვაკანტური 2018 წლის მარტის შემდეგ გახდა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ თავის დიპლომატიური მანდატი დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში.

25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ.

მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

კელი დეგნანი საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.