ხელოვნურ ინტელექტს დემენციის დიაგნოზის დასმა ერთ დღეში შეეძლება

ხელოვნურ ინტელექტს დემენციის დიაგნოზის დასმა ერთ დღეში შეეძლება

მეცნიერები ცდიან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რომელსაც დემენციის დიაგნოზის დასმა ტვინის ერთჯერადი სკანირებით შეეძლება. გარდა ამისა, სისტემას შეეძლება არსებული მდგომარეობის საფუძველზე პროგნოზი გააკეთოს, სიტუაცია მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად შენარჩუნდება, ეტაპობრივად გაუარესდება თუ სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.

ამჟამად დემენციის დიაგნოზის დასმა რამდენიმე სკანირებისა და ანალიზის საშუალებითაა შესაძლებელი. ტექნოლოგიაზე მომუშავე მკვლევარების თანახმად, დიაგნოზის დროულად დასმა სამომავლო მკურნალობის ეფექტურობისაკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, ზოი კურცის განმარტებით, ადრეული ჩარევა ექიმებს საშუალებას მისცემს მკურნალობა დროულად დაიწყონ და ამით შეაჩერონ დაავადების პროგრესი და თავიდან აირიდონ ზედმეტი ზიანი.

პროფესორი კურცის ხელოვნური ინტელექტის სისტემა ერთმანეთს დემენციით პოტენციური დაავადებულების ტვინის სკანირების მონაცემებსა და უკვე დიაგნოზდასმული პაციენტების სამედიცინო ჩანაწერებს შეადარებს. შემდეგ კი სპეციალური ალგორითმი ტვინის სკანირებისას აღმოაჩენს ისეთ ნიშნებს, რომელსაც ექსპერტი ნევროლოგიც კი ვერ ხედავს.

ხელოვნური ინტელექტის ალგორითმმა პრე-კლინიკურ ტესტირებამდე დემენციის დიაგნოზის დასმა სიმპტომების განვითარებამდე წლებით ადრე შეძლო, მანამ სანამ ტვინის დაზიანების ნიშნები გამოჩნდებოდა. ამჯერად კი ტექნოლოგიის კლინიკურ ეტაპზე გამოცდა იგეგმება. პირველ წელს პროგრამაში მონაწილეობას 500 პაციენტი მიიღებს. მათი მონაცემები კი პირდაპირ მათ მკურნალ ექიმს გადაეგზავნება, რომელიც მკურნალობის კურსის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.