კინოინდუსტრიის მომავლის სახე

კინოინდუსტრიის მომავლის სახე

კუნთიანი, ტვინიანი, შერეული რასის – ვინ დიზელი სწორედ ისაა, ვისი ხილვაც სურს კინოს გლობალურ პუბლიკას. ფულიც არ აყოვნებს.

20 წლის წინ ვინ დიზელი ჰოლივუდში როლს ვერ შოულობდა. ამ კომიკურ ვითარებაზე მან ნახევრად ავტობიოგრაფიული მოკლემეტრაჟიანი ფილმიც კი გადაიღო. ამ ფილმში ლუდის რეკლამის სინჯებზე მისულ ვინ დიზელს აფროამერიკელი რეჟისორი უარით ისტუმრებს. “გულწრფელად გეტყვი, ცოტა არ იყოს… მეტისმეტად თეთრი ხარ”, – ეუბნება იგი და აქეზებს, რომ “ლათინო” როლებს მიეტანოს. დიზელი დუმს. No habla español. ასე მიდის იტალიურ როლებამდე. სასაცილოა, მაგრამ მტკივნეულიც. “ძნელი იყო, ჰოლივუდისთვის რამე დამენახებინა ჩემი შერეული რასის მიღმა, – ამბობს იგი, – აღმოჩნდა, რომ ჩემი დრო ჯერ არ მოსულიყო. მსოფლიო არ იყო მზად მულტიკულტურული მეგავარსკვლავისთვის”.

ახლა მსოფლიო აშკარად მზადაა. დიზელის “აქილევსის ქუსლი” მის ძალად იქცა. მაშინ, როდესაც აშშ-სა და კანადაში კინოგაქირავებისგან მიღებული შემოსავალი 5%-ით, $10 მილიარდამდე იკლებს 2013-2014 წლებს შორის – გლობალური კინობაზარი იზრდება, განსაკუთრებით კი ჩინეთში, რომელიც 34%-ით, $4.8-მილიარდამდე დაწინაურდა. ინტერნაციონალური ბაზრისთვის განკუთვნილ ფილმებს ინტერნაციონალური ვარსკვლავი ესაჭიროება.

47 წლის დიზელი (ნამდვილი სახელი – მარკ სინკლერი) ამისთვის ზედგამოჭრილია. ის კუნთიანი, ტვინიანი და მულტიეთნიკური მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავია, რომელთანაც საკუთარი თავის ვიზუალურად მისადაგება ბევრი ქვეყნის მაყურებელს შეუძლია. იგი მომავლის კინოვარსკვლავია. Universal Pictures-ის უკანასკნელმა “ფორსაჟ 7”-მა, თავისი მულტიკულტურული სამსახიობო ანსამბლით, ყველა რეკორდი მოხსნა. იგი ყველა დროის მეოთხე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია. მან $1.5-მილიარდიანი შემოსავლის 77% აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებიდან მიიღო. ფრანშიზის შემოსავალი მხოლოდ ბილეთების გაყიდვიდან  $4 მილიარდს უახლოვდება. ეს $1 მილიარდით აღემატება “ბეჭდების მბრძანებლის” შემოსავალს. დიზელმა ბოლო წელს $47 მილიონი იშოვა და ამგვარად 43-ე ადგილზე მოხვდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების რეიტინგში. მსახიობებიდან მას მხოლოდ რობერტ დაუნი უმცროსი და ჯეკი ჩანი უსწრებენ. თუმცა იგი გაცილებით წინაა ისეთ “მძიმეწონიან” მსახიობებთან შედარებით, როგორებიც არიან  ბრედლი კუპერი, ტომ კრუზი და ადამ სენდლერი.

“’ფორსაჟის’ მთელი აზრი ჰოლივუდის დივერსიფიცირებაშია. გარკვეულწილად მან ჰოლივუდის სახე შეცვალა, – ამბობს დიზელი თავისი ბოხი ხმით. იგი მანჰეტენზე,  თეთრკანიანი დედისა და აფროამერიკელი მამის ოჯახში გაიზარდა. მშობლები ხელოვნები იყვნენ. მამა ბრუკლინის კოლეჯში ასწავლიდა სამსახიობო ხელოვნებას. გასაკვირი არაა, რომ დიზელმა 7 წლის ასაკიდან დაიწყო თამაში. თუმცა ფულის საშოვნელად მას კარგა ხანს ნიუ-იორკის პარკებში უწევდა ბრეიკ-დენსის შესრულება. დიზელი ამბობს, რომ თავის ეთნიკურ წარმომავლობაზე ბევრი რამ არ მოეხსენება. (მან თავის პროდიუსინგის კომპანიას One Race-ი, ანუ ერთი რასა დაარქვა.) ახლა ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა უარების ათწლეულის შემდეგ ეჭვი ეპარებოდა, რომ ამ ბიზნესში რაიმეს მიაღწევდა. 1998 წელს კი ბედმა გაუღიმა და სტივენ სპილბერგის ოსკარებით აღნიშნულ ფილმში “რიგითი რაიანის გადასარჩენად” ითამაშა.

ამის შემდეგ სტუდია სტუდიაზე მოდიოდა. 2001 წელს, “ფორსაჟმა”, მას დიდი აღიარება მოუტანა. $38-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმმა $207-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. ასე ჩაეყარა საფუძველი წარმატებულ ფრანშიზას, რომელში მონაწილეობაზეც დიზელმა უარი თქვა. “როცა მეორე ფილმის სცენარი მომიტანეს, ჩემი შიში გამართლდა”, – იხსენებს იგი.

დიზელმა სიქველში როლი არ შეასრულა, თუმცა მესამე ფილმში გამოჩენას იმ პირობით დათახმდა, რომ ყველა მომდევნო “ფორსაჟის” პროდიუსერი იქნებოდა. (დიზელი ერთ-ერთ პროდიუსერადაა მოხსენიებული 2009 წლის შემდეგ გადაღებულ თითოეულ “ფორსაჟში”, დაწყებული მეოთხე ნაწილიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ მას  სცენარზე ზემოქმედება შეუძლია  და ფილმის მოგებიდან წილიც ერგება. “ფორსაჟ 7”-სთვის მან დამატებით $25 მილიონი მიიღო.) შოუბიზნესში სერიოზული ალღოს გამოვლენით, მან მოახერხა Universal-ისგან მიეღო უფლებები რიდიკის პერსონაჟზე, რომელიც 2000 წელს გამოჩნდა ფანტასტიკის ჟანრის ფილმში “უკუნი სიბნელე”. “ორი ფრანშიზა მოვიპოვე არცთუ დიდი ძალისხმევით”, – იხსენებს დიზელი.

მის ძლიერ მუჭში აღმოჩენილმა “რიდიკმა” 2013 წელს კინოგაქირავებაში $98 მილიონი დაწერა, ხოლო DVD-ის გაყიდვებით $25 მილიონი გამოიმუშავა. დიზელს აქედან $10 მილიონი ერგო. “ფორსაჟმა” ამაზე თხუთმეტჯერ დიდი შემოსავალი მიიღო, რითაც მან “ბორნისა” და “იურული პერიოდის პარკის” ფრანშიზების შედეგებს გადაუსწრო.

არც ისე ცუდია ბიჭისთვის, რომელმაც ჰოლივუდში თითქმის 40 წლამდე ვერ შეაღწია. როგორ უნდა მას, რომ ხალხს ახსოვდეს? დიზელი პაუზას იღებს. გადის 10 წამი. შემდეგ იგი თავს მაღლა წევს და ვამჩნევ, რომ თითქმის ცრემლი სდის. “ადამიანი, რომელმაც საკუთარი არსებობით მეტი მულტიკულტურალიზმი მოუტანა სამყაროს”. და ამის სანაცვლოდ ჯიბეც გაისქელა.