ფილმების შემოსავალი ძირითადად მათ პოპულარობაზეა დამოკიდებული. შემოსავლის ძირითადი წყარო კი კინოთეატრებში გაყიდული ბილეთებია. არსებობს ფილმები, რომლებიც პოპულარობიდან გამომდინარე კინოთეატრებში არაერთხელ ხვდებიან. სტატიაში სწორედ ისეთი მაღალშემოსავლიანი ფილმების რეიტინგს შემოგთავაზებთ, რომელთა სეანსებიც წლების შემდეგ კვლავ დაბრუნდა.
ტიტანიკი – 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი, რომლის რეჟისორიც ჯეიმს კემერონი გახლდათ. ფილმი გამოშვების შემდეგ კინოთეატრებს არაერთხელ დაუბრუნდა. 2012 წელს ფილმის 3-განზომილებიანი ვერსიაც გამოვიდა, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე $57.8 მილიონი, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე $350 მილიონი გამოიმუშავა. ფილმის გამოსვლიდან 25 წლის იუბილეზე, მიმდინარე წლის ზაფხულში ფილმმა ამერიკაში დამატებით $15 მილიონის შემოსავლის მიღებაც შეძლო.
ავატარი – ჯეიმს კემერონის კიდევ ერთი საკულტო ფილმი, რომელიც გამოსვლის პერიოდისთვის ამ ჟანრის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები გახლდათ. 2009 წელს გამოშვებული ფილმი ამერიკულ კინოთეატრებში გასულ წელს კვლავ დაბრუნდა და მცირე პერიოდში $27 მილიონის გამომუშავება შეძლო. მთლიანობაში ავატარის ყველა დროის შემოსავალი $2.92 მილიარდს შეადგენს და ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია.
ბრეოლინი – 1978 წლის მიუზიკლი, რომელიც კინოთეატრებში რამდენჯერმე დაბრუნდა. ფილმის გამოშვებიდან 20 წლის იუბილეზე, 1998 წელს, ფილმმა 12 დღის განმავლობაში აშშ-ში $28.4 მილიონის შემოსავალი მიიღო.
ადამიანი-ობობა – „მარველის“ პერსონაჟის, „ადამიანი-ობობას“ ტომ ჰოლანდის მონაწილეობით გადაღებული ფილმი, კინოეკრანებზე აშშ-ში ისეთი სცენებით დაბრუნდა, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში არ გვხვდებოდა. გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ კინოთეატრებში დაბრუნებულმა „ადამიანმა-ობობამ“ $9.3 მილიონი გამოიმუშავა.
ვარსკვლავური ომები: ჯედაის დაბრუნება – 1983 წლის ფილმი გამოშვებიდან 40 წლის იუბილეზე, წელს კინოთეატრებს დაუბრუნდა და 7 დღის განმავლობაში $7.3 მილიონი გამოიმუშავა.
ყბები – ზვიგენების შესახებ 70-იან წლებში გადაღებული ფილმი შარშან კინოთეატრებში 21 დღით დაბრუნდა და ადგილობრივ ბაზარზე $5.1 მილიონის გამომუშავება შეძლო.
ოზის ჯადოქარი – 1939 წელს გამოშვებული ეს საკულტო ფილმი ამერიკულ კინოთეატრებში 80 წლის იუბილის აღსანიშნად დაბრუნდა და 5 დღეში $2 მილიონამდე გამოიმუშავა.
ნათლია – 1972 წლის პოპულარული ფილმი „ნათლია“ გასულ წელს ამერიკულ კინოეკრანებზე კვლავ გამოჩნდა და $1.4 მილიონის შემოსავალი მიიღო. ფილმი საერთაშორისო ბაზარზე რამდენიმე ქვეყანაშიც დაბრუნდა და $4.2 მილიონის გამომუშავება შეძლო.