კორონავირუსის ახალი შტამი 56%-ით უფრო გადამდებია. ამის შესახებ ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული. საუბარია იმ შტამზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.
ახალი შტამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. აღნიშნულის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვები დააწესა.
მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსის მუტაცია გამოიწვევს უფრო მეტ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას მომავალ წელს ქვეყანაში, ვიდრე ეს 2020 წელს იყო.
თუმცა, მკვლევარების თქმით, ჯერ კიდევ არ არის ცხადი სამხილები იმის შესახებ, რომ ახალი შტამი უფრო საშიში, მომაკვდინებელი და ვაქცინის მიმართ რეზისტენტული იქნება.
ახალი უფრო გადამდები შტამის დაფიქსირება შესაძლოა იყოს მიზეზი იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბრიტანეთში ინფიცირების დონე მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად ოთხშაბათს ქვეყანაში 40 000 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აღნიშნულის გამო, რიგმა ქვეყნებმა ბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა. ევროპული ქვეყნების ნაწილიდან შეიზურდა საჰაერო ფრენები და სატრანსპორტო გადაადგილება ბრიტანეთის მიმართულებით.