რაც არ უნდა უცნაური იყოს, ახალი კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდან ორი წლის თავზე, ჩრდილოეთ კორეამ მოსახლეობაში ვირუსის მასობრივად გავრცელების შესახებ ინფორმაცია პირველად გაასაჯაროვა და 25-მილიონიანი ქვეყნის ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მკაცრი საყოველთაო ლოკდაუნი გამოაცხადა – ქვეყნის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ამ დრომდე, მოსახლეობაში COVID-19-ის შემთხვევები არ დადასტურებულა.
საჯარო ჯანმრთელობის ექსპერტებისა და ეკონომისტების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების შეკავებას ვერ შეძლებს, ქვეყნისთვის ეს წარმოუდგენელი დარტყმა იქნება. საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური საქმიანობა გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო ისედაც შეზღუდულია, რასაც პანდემიის გამო ჩრდილოეთ კორეის ერთადერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოსთან, ჩინეთთან ჩაკეტილი საზღვრები კიდევ უფრო ამძაფრებს.
კოვიდაფეთქებით გამოწვეული ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ, ფხენიანთან ახლოს, ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. წელს, ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ მე-16 სატესტო გაშვებაა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, კიმ ჩენ-ინი სხვადასხვა ტიპის საიარაღო პროგრამების შეჩერებას არ აპირებს – თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი მოქმედებებით, ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის მორალის ამაღლებასაც ცდილობს.