კრიპტოვალუტის ბაზრის მოცულობამ $2 ტრილიონს მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ციფრული ვალუტის ბაზრის ზრდა ბიტკოინების საბაზრო მოცულობის ზრდამ განაპირობა. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი კვლავ $59 000-ს გადასცდა, თუმცა ეს არ არის მაქსიმუმი – ბიტკოინმა მაქსიმალურ ღირებულებას მარტის შუა რიცხვებში მიაღწია, როდესაც მისი ფასი $61 000-ს აჭარბებდა. მხოლოდ ბიტკოინის ბაზრის მოცულობა $1 ტრილიონზე მეტია.
მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ეთერიუმია, რომლის ფასი ამჟამად $2 100-ს აჭარბებს. მისი საბაზრო მოცულობა $244 მილიარდია.
„იქიდან გამომდინარე, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია მწიფდება, ველოდებით ბლოკჩეინზე დაფუძნებული უფრო მეტი აპლიკაციის შექმნას“, – განაცხადა კრიტოვალუტის გაცვლის კომპანია Bitfinex-ის ტექნოლოგიურმა ოფიცერმა, პაოლო არდოინომ.
ბლოკჩეინის მონაცემთა პროვაიდერ Glassnode-ის ანგარიშის მიხედვით, ფაქტი, რომ ბიტკოინის ბაზრის მოცულობა $1 ტრილიონამდე გაიზარდა, იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ნდობა იზრდება.
ცნობისთვის, ბიტკოინის ფასი მიმდინარე წელს 100%-ითაა გაზრდილი, ეთერიუმის კი – 190%-ით.