რამდენად ეფექტიანია ჩინური ვაქცინა?

რამდენად ეფექტიანია ჩინური ვაქცინა?

საქართველომ რამდენიმე დღის წინ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო. ქვეყანა მის გამოყენებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ავტორიზაციის შემდეგ დაიწყებს, რაც აპრილის შუა რიცხვებისთვის არის მოსალოდნელი. თუმცა ჩინურ ვაქცინას ავტორიზაცია ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე მისცეს, მათ შორისაა: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, პაკისტანი, ეგვიპტე, სინგაპური, ინდონეზია, ტაილანდი და თურქეთი. მათი რაოდენობა არ არის ბევრი. ამიტომაც ხშირად ისმის კითხვა –  რამდენად ეფექტიანია ჩინური ვაქცინა?

ჩინურმა კომპანია Sinopharm-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან ერთად შექმნა. 2020 წლის დეკემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ კვლევის შედეგად ვაქცინამ 79%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

სრულად ვაქცინაციისთვის, 21-დღიანი შუალედით Sinopharm-ის ორი დოზის მიღებაა საჭირო.

ამჟამინდელი მონაცემებით, ჩინურ ვაქცინას მნიშვნელოვანი თანამდევი ეფექტები არა აქვს. მხოლოდ მცირე რაოდენობის პაციენტებში მსუბუქი სურდო, სიცხე და ვაქცინის გაკეთების ადგილზე სიწითლე გამოვლენილა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობის საკითხთან დაკაშირებით კითხვები არ არის.

„სინოფარმის“ ვაქცინით მსოფლიოში უკვე 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. ჯანმოდან ის უკვე ავტორიზაციას ელოდება. საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა გვაქვს და საბჭოზე გადავწყვეტთ, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით საქართველოში აცრა შესაძლებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.