ამბობდნენ – ბაზარი ქალაქის კუჭია, აქ მოაქვთ და გროვდება ყველაფერი, რაც კი ადამიანის საკვებს, სასმელს და აუცილებელ საჭიროებას შეადგენსო. თუკი ეს ბაზარი უხეიროა, თუკი იქ უწესობა და უთავბოლობა სუფევს, მთელი ქალაქი შეწუხებულია ამითო.
ძველ თბილისში, კავკასიის ისტორიულ ცენტრში, მთავარი ეკონომიკური აქტივობა ვაჭრობა რომ იყო, ეს არახალია. არც ვაჭრობასთან დაკავშირებით ქართველი წარჩინებულების კლიშედ ქცეული დამოკიდებულება უნდა იყოს უცნობი, თუმცა, მათთან ერთად, თუ მათ გარეშე, თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც ყიდულობდნენ და ყიდდნენ ყველაფერს, ვაჭრობდნენ ბაზრებში, ქარვასლებში, მოედნებზე… და იშვიათი გამონაკლისების გარდა, არათუ დიდი მოგების, დამატებით, პატარა სარგებლის მისაღებადაც კი წარმოუდგენელ მანიპულაციებს მიმართავდნენ.
როგორც ყველგან და ყოველთვის, ძველ თბილისშიც ყველაფერი დიდწილად საზრიანობასა და მოხერხებაზე იყო დამოკიდებული. ამ მხრივ, ის დიდი შესაძლებლობების ქალაქი იყო, სადაც არცთუ იშვიათად ნახავდით ჯერ კიდევ გუშინ უქონელთა აღზევებას და დიდ-ვაჭართა ისე დაცემას, რომ გაკოტრების პირას მისულნი, საკუთარ ქონებას წვავდნენ, ან სხვას აწვევინებდნენ, რათა, როგორმე, დაზღვევისგან მაინც მიეღოთ რაიმე სარგებელი.
ვაჭარი ენით ვაჭრობსო, ძველი ნათქვამია. ქალაქურ ლექსიკონში თავმოყრილი, ვაჭრობასთან დაკავშირებული გამოთქმებისა და ფრაზების სიმრავლეც ხომ სწორედ იმაზე მეტყველებს, თუ რამხელა ადგილი ეკავა ვაჭრობას ქალაქის ცხოვრებაში.
თუმცა, ვაჭრობას თბილისში ყოველთვის ჰქონდა შავ-ბნელი, „შაითანური“ მხარე, რომელსაც ძველი თბილისის ფოტოებზე ვერ ნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
ძველ ქართულ პრესას თუ დავუჯერებთ, ამ სფეროს სულ სამი თუ ოთხი კაცი განაგებდა, ადამიანები, ვისზეც ვაჭრები სასიცოცხლოდ იყვნენ დამოკიდებულნი, რადგან ამ სამ-ოთხ კაცს მათთვის კრედიტი რომ შეეწყვიტა, თბილისელ ვაჭართა უმეტესობა ერთ წელსაც კი ვერ გაძლებდა.
ასე იყო თუ ისე, კავკასიის ვაჭრობის ცენტრი თბილისი იყო, თბილისის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო მოედანზე კი, სადაც უამრავი ადამიანი, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი საქონელი და ათასი ქურდ-ბაცაცა ავაზაკი იყრიდა თავს, ერთი დიდი სასწორი – ყაფანი იყო გამართული.
სწორედ აქ ყიდულობდნენ თბილისის მოსახლეები და ვაჭრები სურსათ-სანოვაგეს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი წესის დაცვით – ადგილობრივების და გლეხების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სოფლიდან ჩამოტანილი საქონელი ჯერ ქალაქის მოსახლეობას უნდა შეეძინა, ქორვაჭრებს კი მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულ 12 საათზე, ამ ყაფანზე აღმართული ბაირაღი დაეშვებოდა; ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ ახლა უკვე ჩარჩებს, ვაჭრებსა და მედუქნეებსაც შეეძლოთ ვაჭრობა.
ამ წესს მარტივი, პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ მას უნდა დაეცვა როგორც ქალაქის მცხოვრების, ისე თბილისში სავაჭროდ ჩამოსული გლეხის ინტერესები. ეს წესი უზრუნველყოფდა ერთი მხრივ იმას, რომ ქალაქის მოსახლეობას არჩევანი ჰქონოდა და საუკეთესო ხარისხის პროდუქტი შეერჩია, მეორე მხრივ კი იმას, რომ გლეხს საცალო ვაჭრობით უფრო მეტი შემოსავალი მიეღო, რადგან, ჩარჩები და ვაჭრები, როგორც წესი, პროდუქციას ბითუმად და შესაბამისად, დაბალ ფასად ყიდულობდნენ.
[ზოგადად, იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტის ბაზრამდე მიტანა გლეხისთვის ფინანსურ ხარჯთან და რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ამავდროულად კი, სოფლის მოსახლეობას თბილისში დასარჩენი არ ჰქონდა, ან ქალაქში ღამის გასათევად ფულის გადახდა არ უნდოდა, ხშირად ჩარჩ-ვაჭრების არცთუ სახარბიელო პირობებზე უწევდათ დათანხმება, რადგან ამ გზით, მთლიანად თუ არა, დიდი ოდენობით პროდუქციას ერთბაშად ასაღებდნენ.]
ამ და სხვა დამცავი მექანიზმების მიუხედავად, როგორც წესი, წაგებულები დიდწილად თბილისელები და სოფლის მოსახლეები რჩებოდნენ და არა ჩარჩები ან დიდი თუ პატარა ვაჭრები.
ამ უკანასკნელთა არსენალში ყოველთვის მოიძებნებოდა ხრიკები, რითაც ხეირის ნახვას, იოლას გასვლას და პროდუქტის იაფად დაპატრონებას ახერხებდნენ.
წარმოიდგინეთ, ქალაქის ღარიბი მცხოვრები, რომელიც იმ იმედით მიეშურება ბაზარში, რომ პროდუქტი გლეხისგან უფრო იაფად შეიძინოს, ვიდრე ჩარჩები და ვაჭრები სთავაზობენ ბაზარში. თუმცა, აღმოჩნდება, რომ ეს უკანასკნელნი ჯერ კიდევ ქალაქგარეთ დახვედრიან დიღმის, ვერის, თუ წავკისის გზებიდან ქალაქში მომავალ გლეხებს და სხვადასხვა „მანქანებით“, მოტყუებითა და ძალადობითაც კი, საქონელი იაფად ჩაუგდიათ ხელში; შემდეგ ეს პროდუქტი თავად ჩაუტანიათ ქალაქში და გაცილებით ძვირადაც გაუყიდიათ.
თბილისის ბაზრის ნამდვილი ბატონები და მბრძანებლები მოგების მისაღებად სხვა გზებსაც მიმართავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 12 საათამდე ვაჭრობა აკრძალული ჰქონდათ, გამოჩნდებოდა თუ არა სოფლიდან ჩამოსული, ნობათით დატვირთული გლეხი მეიდანზე, მაშინვე ბეს აძლევენ ყველაფერში, რაც ჩამოტანილი ჰქონდათ და უკვე 12 საათის შემდეგ, როცა ვაჭრობის უფლება ეძლეოდათ, ეშმაკური გზით დაბევებულ პროდუქტს საკუთარ სავაჭრო დაწესებულებებში, ძირითადად, დუქნებში ეზიდებოდნენ.
საკუთარი ჯიბის გასასქელებლად, ეს „ვაჟბატონები“, ამა თუ იმ პროდუქტზე დეფიციტის შექმნასაც არ ერიდებოდნენ. ასეთი ხრიკები ხშირი ყოფილა კვერცხით მოვაჭრეთაგან, რომლებიც ხშირად ეშმაკობდნენ, კვერცხს ინახავდნენ, ბაზარში ცოტა გაჰქონდათ და ხმას ავრცელებდნენ, სოფლიდან კვერცხი აღარ შემოაქვთო, რის გამოც, ბუნებრივია, ფასსაც უმატებდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, მატყუარა მოვაჭრე პოლიციას გამოუჭერია და კვერცხის მთელი მარაგი ძალით გაუტანინებია ბაზარში გასაყიდად .
ამგვარი მეთოდებითვე მოქმედებდნენ სხვა პროდუქტებთან მიმართებაშიც; მაგალითად, 1876 წელს შემოდგომა-ზამთარში, ძალიან გაძვირებულა ქალაქელებისთვის ასე საყვარელი პროდუქტი – ხახვი. მიზეზი კი ის ყოფილა, რომ იმავე წლის ზაფხულში, როდესაც ქალაქში ხახვი შემოსულა, მთელი მარაგი სულ ორ-სამ კაცს, ჩარჩებს უყიდიათ – „სავსე სარდაფი აქვთ და როგორც უნდა ასწევენ და დასწევენ იმის ფასსაო. ამ გვარადვე იქცევიან ისინი ხორცზე, თევზზე, წვანილეულზე, ხილზე და სხვა ყველა საკვების თაობაზედაც.“
აკრძალვების თავიდან ასარიდებლად, ჩარჩ-ვაჭრები კარიკატურულ მეთოდებსაც არ ერიდებოდნენ. XIX საუკუნის 80-იან წლებში, რიყეზე, გლეხებს თითქმის ყოველდღე ჩამოჰყავდათ დიდი რაოდენობით რქოსანი პირუტყვი. ზემოთ უკვე აღწერილი, თუ სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით, ჩარჩები მათგან იაფად, თითქმის ნახევარ ფასად ყიდულობდნენ საქონელს, შემდეგ, ერთ-ერთ სანდო პირს გლეხურ სამოსს გადააცმევდნენ და ამ გზით ცდილობდნენ იაფად ნაყიდი პირუტყვის ძვირად გასაღებას.
მათ მოხერხებულობაზე 1887 წლის გაზეთ „ივერიაში“ აღწერილი ერთი განსაკუთრებული ცნობაც მეტყველებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ტფილისის მოედნებზე აქა-იქ ურმებიდამ წვრილ-წვრილად იყიდება ღვინო. ვინაც არ იცის გარემოება, ეგონება, რომ ეს ღვინო ჩამოაქვს თითონ ვენახის პატრონს გლეხსა და პირდაპირ მხმარებელზე ასაღებსო.
მართლა რომ ასე იყოს, დიდი სარფა იქნებოდა როგორც მყიდველისათვის, აგრეთვე მწარმოებლისათვისაც. მაგრამ ძნელი ის არის, რომ საქმე სრულებით სხვა გვარად დაუტრიალებიათ ჩვენებურ ჩარჩებსა.
რაკი ჩარჩებმა მოჰკრეს ყური, რომ ქალაქის გამგეობა არ უშლის სოფლის ხალხს პირდაპირ მხმარებელთან დაიჭიროს საქმე თავის ნაწარმოების გაყიდვაში, მაშინათვე გაემგზავრნენ სოფლებისაკენ, იყიდეს ღვინოები, მოიპოვეს გლეხ-კაცის მოწმობა და ჩამოიტანეს რუმბები ტფილისში. იშოვნეს შიგ ტფილისში აგრეთვე ძველი დამტვრეული ურმები, რომელიც დააყენეს მეიდნებზე და დაიწყეს ღვინის გაყიდვა.
მსურველი ადვილად დარწმუნდება, რომ იმ ურმების გადაგორებაც-კი შეუძლებელია, არა თუ სოფლიდამ მათზე ღვინის ჩამოტანა. ჩარჩებს რუმბები უწყვიათ სახლში, თითო-ოროლა გამოაქვთ მეიდნებზე და როცა დაიცლება ერთი რუმბი, მაშინათვე გამოიტანენ მეორესა და დასდებენ იმავ დამტვრეულ ურემზე.
ღვინოს, რასაკვირველია, ისე აფუჭებენ, როგორც-კი შეიძლება და როგორადაც თავის დღეში გლეხი-კაცი ვერ გააფუჭებს, „არ დაიდებს ცოდვასა“. მუშტარს-კი ჰგონია, პირდაპირ სოფლის ღვინოს ვყიდულობო.
თუ მართლა რომელსამე გლეხს მოუვა აზრად ჩამოიტანოს თავისი ღვინო ურმით და წვრილ-წვრილად გაასაღოს, ვაი იმის ბრალი ამ უწყალო ჩარჩების ხელში! მუშტარს არ მიაკარებენ, წინ გადაუდგებიან, უძაგებენ ღვინოს, ეჩხუბებიან გლეხსა იქამდის, რომ სულ თავ-ბედს აწყევლინებენ და ბოლოს ნახევარ ფასად თითონ დაინარჩუნებენ სხვის საქონელსა…“
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამ გაქანების ხალხისგან, სასწორის გამრუდებისა და პატარ-პატარა ეშმაკობის ფაქტები აბა აქ რა მოსატანია?! თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ჩარჩ-ვაჭრების უკანონო ქმედებები განსაკუთრებით ზღვარგადასულ ხასიათს დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად იძენდა, რადგან ამ დროს, გლეხებს, თუკი რამ გააჩნდათ, ქალაქში ეზიდებოდნენ გასაყიდად…
ყველაფერთან ერთად, ქალაქის იმდროინდელ ვაჭრებს, დღეისათვის წარმოუდგენელი თავისებურება ახასიათებდათ: იშვიათად მოხდებოდა, რომ ბაზარში გამვლელი ადამიანისთვის რაიმე ფორმით, თუნდაც სიტყვიერად, შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. დიდი ალბათობით, ამის მიზეზი ან მათი პროდუქციის მიმართ პოტენციურ კლიენტთა გულგრილობა, ან ფასზე ვერმორიგება იქნებოდა. ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ სწორედ ამ მიზეზით, პოლიციას ბაზრებსა და ქარვასლებში მოვაჭრეთათვის ხელწერილიც კი ჩამოურთმევიათ, რითაც ვალდებულებას იღებდნენ, რომ „მუშტარს“ არც შეურაცხყოფას მიაყენებდნენ და ძალითაც არ მიიწვევდნენ მაღაზიასა თუ დუქანში.
ვაჭრობაზე საუბრისას, ერთია როგორ ყიდდნენ და ყიდულობდნენ, მეორეა თავად ამ პროდუქტის ხარისხი.
ნატურალური პროდუქტით ვაჭრობა რა სირთულე იქნებოდა, აი ფალსიფიცირებული, უვარგისი პროდუქციის სახელმწიფო ორგანოების გვერდის ავლით გასაღება კი დიდი გამოწვევა იყო.
ღვინო და ღვინით ვაჭრობა უკვე ვახსენეთ და თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რამდენად ხშირი იყო ღვინის ფალსიფიკაცია, თუკი ძველი თბილისის ცხოვრებაში დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ქალაქის სამკურნალო საზოგადოებაში თბილისელ ექიმს წაუკითხავს მოხსენება „თუ როგორ ჰღებავენ ტფილისში სხვა-და-სხვა ვაჭრები და სირაჯები კახურს ღვინოს“.
ფალსიფიცირება და შეღებვა მხოლოდ ღვინისა როდი სცოდნიათ. იმდროინდელ თბილისში რთულად საშოვნელი ყოფილა ნატურალური რძე, რადგან გასაყიდად გამოტანილი რძე თითქმის ყოველთვის ნაღებმოხდილი და წყალგარეული იყო.
ამ ფაქტის დამადასტურებელი, 1887 წელს ჩატარებული, ერთ-ერთი სამოყვარულო ექსპერიმენტი აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ:
„ერთს ცნობის-მოყვარეს ტფილისში უყიდნია სოფლელისაგან რძე ამ ოც-და-შვიდის დღის წინად. თურმე ეს რძე დადგა ქილით განჯინაში და ხელ-უხლებელი დასტოვა. რძე ისეთის საკვირველის თვისებისა გამომდგარიყო, რომ დღესაც იმავ გემოსი და ფერისაა, როგორც ყიდვის დროს იყო. უეჭველია, რომ ეს რძე-კი არა, რაღაც შეზავებული სითხეა. როგორც გვითხრეს, თურმე ტფილისელი კინტოები ჩაიცმენ ხოლმე გლეხურად და, ვითომ სოფლიდამ ჩამოგვაქვს რძეო, ასაღებენ ამ სითხეს..“
ამას გარდა, ხალხი უჩიოდა ხორცისა და ხორცპროდუქტების, მათ შორის: ძეხვისა და ლორის უვარგისობას, „ასუნებულ“ მშრალ თევზს, აყროლებულ პურს, რომელსაც მეიდანზე, ღია ცის ქვეშ დაგდებულ ტომრებში აშმორებული ფქვილისაგან ამზადებდნენ; სხვადასხვა ფირმის შუშხუნა წყლების უსუფთაოდ დამზადებას, ე.წ. „სპარსულ ლიმონადს“, რომელშიც მავნებელი, ფერის მისაცემი, წამლები ყოფილა შერეული და თქვენ წარმოიდგინეთ ტკბილეულსაც კი, რომელსაც თურმე ისეთი წითელი წამლით ღებავდნენ, სველი ხელი რომ მოგეკიდათ, წითლად შეგეღებებოდათ.
აღარაფერს ვამბობთ მეხილეებზე, რომლებიც ხან იმდენად ძვირად ყიდდნენ ნესვსა და საზამთროს რომ რეალიზაციას ვერ ახერხებდნენ და შემდეგ უკვე დამპალ, დაბეჟილ-დათეთქვილ პროდუქტს ასაღებდნენ ხალხზე, ზოგჯერ კი პატარა მჟავე ფორთოხლებში წვრილი შესაშხაპუნებელი ნემსით რაღაც წითელ სითხეს ასხამდნენ, რის გამოც პროდუქტს გული უწითლდებოდა და მეტად ფასობდა.
რეალურად, სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში უწევდათ ცხოვრება და ორიენტირება თბილისელებს ХIX საუკუნის ბოლო მეოთხედში. თავად განსაჯეთ, ასეთი ტოტალური განუკითხაობის პირობებში, რამდენად შეძლებდნენ ბაზრების ზედამხედველები, ქალაქის სანიტარული კომისიის წევრები და პოლიცია რაიმე ხელშესახები პროგრესის მიღწევას ვაჭრობის სფეროს მოწესრიგების მიმართულებით.
ფაქტია, რამდენიც არ უნდა ეწერა პრესას ამ კუთხით არსებულ უსამართლობასა თუ უკანონობაზე, როგორც წესი, ყველაფერი მაინც მარტივად, უშედეგოდ და სევდიანად სრულდებოდა, რადგან სიიაფის გამო, „გაფუჭებულს თევზს დიდძალი ღარიბი ხალხი ეტანებოდა“, ხოლო რამდენი ვაჭარიც არ უნდა ეიძულებინათ ქალაქის ექიმსა და პოლიციის მოხელეებს რომ მკვახე და მავნებელი, „შემოუსვლელი“ ხილი გადაეყარათ, წყალში გადაყრას ვერ მოასწრებდნენ, რომ იქვე, ღარიბი მობანავეები დაიჭერდნენ და სახლში წაიღებდნენ.