სპორტული ავტომობილების იტალიური მწარმოებლის, Lamborghini-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიის გაყიდვებმა შესაძლოა ისტორიაში პირველად წლის ჭრილში 10,000-ს მიაღწიოს. Lamborghini-ს შემოსავლები და მოგება წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელი ტემპებით გაიზარდა.
იტალიურმა ავტომწარმოებელმა იანვრიდან ივლისამდე პერიოდში 5,341 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4.9%-ით მეტია. ავტომწარმოებლისათვის უდიდესი ბაზარი აშშ გამოდგა, სადაც 1,625 ავტომობილი მიაწოდეს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ვინკელმანის განცხადებით, ბაზრის ჩავარდნების, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და მასალებზე ფასების ზრდის გამო წინასწარ გარკვეული პროგნოზების გაკეთება რთული იყო, თუმცა წელს 10,000 ავტომობილის გაყიდვა მიღწევად მიზნად დაისახეს.
ცნობისთვის, კომპანიამ 2022 წელს ჯამში 9,200 ერთეული ავტომობილი გაყიდა. კომპანიის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოლო დროს პოპულარული Lamborghini Urus-ი გახლავთ, რომლის ღირებულებაც გადასახადების გარეშე $219,900-დან იწყება. წლის პირველ ნახევარში კომპანიის შემოსავლები 6.7%, ხოლო საოპერაციო შემოსავალი 7.2%-ით გაიზარდა. 2027 წლისთვის Lamborghini ელექტრო და ჰიბრიდული მოდელების გასავითარებლად 1.9 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციას გამოყოფს. კომპანია პირველი სრულად ელექტრომობილის წარმოებას 2028 წლიდან გეგმავს.
საინტერესოა, რომ იტალიური ავტომწარმოებლის კონკურენტმა სამშობლოში, Ferrari-მ გასულ წელს 13,200 ერთეული ავტომობილი გაყიდა.