პროგრამული უზრუნველყოფისა და ქლაუდ-პლატფორმა Oracle-ის დამფუძნებელი, ლარი ელისონი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში დაწინაურდა. მან Meta-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და LVMH-ის დამფუძნებელ ბერნარ არნოს გადაასწრო.
მილიარდერების რეიტინგში ელისონის დაწინაურების მიზეზი საფონდო ბირჟაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში Oracle-ის აქციათა ფასის ზრდაა. კომპანიის აქციათა ფასი ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზეა, გასულ სავაჭრო დღეს კი 14.7%-ით გაიზარდა და $160.5 შეადგინა.
შედეგად, ლარი ელისონი Forbes-ის მილიარდერთა სიაში მესამე პოზიციას იკავებს და სიმდიდრით მხოლოდ ილონ მასკსა და ჯეფ ბეზოსს ჩამორჩება. ელისონის ქონება მხოლოდ ერთ დღეში $18 მილიარდით, $191.7 მილიარდამდე გაიზარდა. შედარებისათვის, მარკ ცუკერბერგის ქონება $174 მილიარდს, ხოლო ბერნარ არნოს ქონება $172 მილიარდს შეადგენს.
Oracle-ის აქციათა ფასის მნიშვნელოვნად მატება კომპანიის მიერ გამოქვეყნებულმა მოსალოდნელზე უკეთესმა კვარტალურმა შედეგებმა განაპირობა. Oracle-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღეში $386 მილიარდიდან $435 მილიარდამდე გაიზარდა და ის აშშ-ის მე-17 ყველაზე მსხვილი კომპანია გახდა. აღნიშნულ რეიტინგში მან Costco-ს, Johnson&Johnsons-სა და Procter&Gamble-ს გადაასწრო. Oracle-ი ლარი ელისონმა 1977 წელს დააფუძნა.