ლაშა ბარბაქაძემ და ნიკა ჟღერიამ VidooFood- ის  გაფართოებისთვის  250 000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 50%-ის სანაცვლოდ მოიზიდეს

ლაშა ბარბაქაძემ და ნიკა ჟღერიამ VidooFood- ის  გაფართოებისთვის  250 000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 50%-ის სანაცვლოდ მოიზიდეს

ნიკა ჟღერია და ლაშა ბარბაქაძე Shark Tank-ის მორიგი გამარჯვებულები არიან. მათი იდეა ცენტრალიზებულ სამზარეულოს მოიცავს, სადაც სარესტორნო ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს  შეუძლიათ 2 კვირაში და ნულოვანი დანახარჯებით საკუთარი ონლაინ რესტორანი გახსნან. წარმოიდგინეთ: გაქვთ კვების ობიექტი, რომელიც მომხმარებლებს მიტანის სერვისით ემსახურება, თუმცა სამზარეულოზე პასუხისმგებლობა, თანამშრომლების დატრენინგება და დანადგარების ყიდვა საერთოდ არ გიწევთ. როგორც ნიკა გვიყვება, იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, როდესაც საკუთარ კვების ობიექტზე დიდი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ.

„პანდემიის პერიოდში რთული ეკონომიკური სიტუაცია იყო. თითოეული მოცდენილი საათი ზედმეტ კომუნალურ გადასახადს და სხვადასხვა ხარჯს გულისხმობდა. იმ დროისთვის ფაქტობრივად ყველაფერი მიტანის სერვისზე გადავიდა, უამრავი ადამიანი იყო, რომელსაც კვების ობიექტის გახსნა სურდა, თუმცა ამისთვის საწყისი კაპიტალი არ ჰქონდათ. სწორედ აქედან გაჩნდა იდეაც. წლის დასაწყისში GITA-ს 100,000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გავხდით, რამაც სამზარეულოს რეორგანიზაციის საშუალება მოგვცა, ეს ბიზნესიც მაშინ დავიწყეთ“ – გვიყვება ნიკა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, მათი ბიზნეს მოდელი კლიენტს რამდენიმე ათეულ ათას ლარს უზოგავს, რაც ბიზნესის დასაწყებადაა საჭირო.

„მარტივად რომ გითხრათ, თუ პროდუქტის თვითღირებულება 1 ლარია, ჩვენ კომპანიამ 1.5 ლარი უნდა გადაგვიხადოს და სხვა არანაირი ხარჯის გაღება აღარ უწევს, შემდე უკვე მისი სურვილისამებრ განსაზღვრავს მოგების მარჟას“ – ამბობს ნიკა.

როგორც აღმოჩნდა, მსგავსმა სერვისმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, ყველაზე გამორჩეული კლიენტი კი საქართველოში ცნობილი ბრენდი „ორი ლულა“ იყო, რომელიც ბაზარზე მათი სერვისის წყალობით დაბრუნდა. ამჟამად მათი მომსახურება ძირითადად ქალაქის ცენტრშია ხელმისაწვდომი, თბილისის სრულად დასაფარად კი ორი ახალი ობიექტის გახსნა და დანადგარების შეძენა იყო საჭირო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პროექტში მონაწილეობაც.

„მახსოვს ზაფხული იყო, ამ დროს როგორც წესი, შეკვეთებიც შედარებით მცირეა, განვითარების ახალ გზებზე ვფიქრობდით, როცა Shark Tank გამოჩნდა. მაშინვე შევავსეთ განაცხადი და გადაცემაშიც მოვხვდით. ჩვენი თავდაპირველი შეთავაზება 250,000 ლარი იყო 20%-ის სანაცვლოდ. სანამ პროექტში მივიდოდით, ინვესტორები შევისწავლეთ, ვფიქრობდით ვინ იქნებოდა მათი პროფილიდან ჩვენთვის ყველაზე მისაღები. პირველი შეთავაზება სწორედ მენი ბენეშისგან მივიღეთ, რომელიც საკუთარი საქმიანობით და პორტფელით ძალიან დაგვეხმარება. მენიმ იდენტურ თანხაში 50%-ის გაყიდვა შემოგვთავაზა, მას მოჰყვა ქეთი ქვარცხავას ოფერი, რომელმაც მენისთან ერთად გაიყო თანხა და საბოლოოდ 2 ინვესტორი მივიღეთ. მოლაპარაკების დროს მათ ვუთხარით, რომ საკონტროლო პაკეტის დატოვება გვსურდა, რათა მომდევნო საინვესტიციო რაუნდებში სხვაგანაც გვეცადა ბედი, თუმცა Shark-ებმა გვიპასუხეს, რომ სრული მხარდაჭერა გვქონდა და ნებისმიერ საჭიროებას თავად დააკმაყოფილებდნენ მომავალშიც, შესაბამისად შეთანხმება შედგა“ – ამბობს ნიკა.

რაც შეეხება კონკურენციას და საქართველოს ბაზარს, როგორც გვიყვებიან, მათი ბიზნეს მოდელი უნიკალურია და იდენტური სერვისი ჯერჯერობით ბაზარზე არაა. თუმცა, არსებობენ კომპანიები, რომლებიც რესტორნის მოწყობაში ეხმარებიან კლიენტებს და შემდეგ მათი მეწილეები ხდებიან, თუმცა ეს მეტწილად განსხვავებული ბიზნესია.

2019 წლის მონაცემებით, ე.წ Cloud Kitchen-ის ბაზარი გლობალურად $43 მილიარდს აჭარბებს, თუმცა ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია. 12%-იანი ზრდის პროგნოზით 2027 წელს ის თითქმის გაორმაგდება და $71 მილიარდს გადააჭარბებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი  საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ – Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გადის.