ლუქსემბურგში, ახალი კანონპროექტის თანახმად, 18 წლისა და უფროსი ასაკის პირები საკუთარ სახლებსა თუ ბაღებში პირადი მოხმარებისთვის ოთხი ძირი კანაფის გაზრდას ლეგალურად შეძლებენ. შედეგად, ის პირველი ევროპული სახელმწიფო გახდება, რომელმაც კანაფის კულტივაცია და გამოყენება დააკანონა.
ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, მცენარის თესლით ვაჭრობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იქნება დაშვებული. როგორც ცნობილია, მის შეძენას მსურველები მაღაზიებსა და ონლაინპლატფორმებზე შეძლებენ.
ლუქსემბურგის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, კანაფის კულტივაციისა და რეკრეაციული მიზნით გამოყენების მიმართ ქვეყნის მიდგომაში ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება.
„კანაფი არის ნარკოტიკი, რომელსაც ყველაზე ხშირად მოიხმარენ. ის არალეგალური ბაზრის საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს. გვინდა, დავიწყოთ იმით, რომ ადამიანებს მისი სახლში მოყვანის ნება დავრთოთ. მიზანი კანაფის არაკანონიერად წარმოების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის პრობლემის მოგვარებაა. გვსურს, რომ „შავ ბაზარს“ უფრო და უფრო დავშორდეთ“, – აცხადებს ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრი, სემ ტანსონი.
აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგში ძალაში დარჩება კანაფის საჯაროდ მოხმარებისა და ტრანსპორტირების, ასევე, მცენარის თესლის გარდა, მისი სხვა პროდუქტით ვაჭრობის აკრძალვა. ისიც უნდა ითქვას, რომ 3 გრამამდე კანაფის მოხმარება-გადატანა სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ იქნება მიჩნეული, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კლასიფიცირდება.
გარდა ამისა, თუკი ამჟამად აღნიშნული კანონის დარღვევისთვის დამნაშავეს ჯარიმის სახით 251-დან 2,500 ევრომდე თანხის გადახდა უწევს, მომავალში მისი 25 ევრომდე შემცირება იგეგმება.