მოდის ინდუსტრიის უმსხვილესმა კონგლომერატმა, ფრანგულმა LVMH-მა მოდის სახლ Givenchy-ის ახალი კრეატიული დირექტორი დაასახელა. ეს პოზიცია ბრიტანელმა დიზაინერმა სარა ბარტონმა დაიკავა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში Alexander McQueen-ში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის დგას უელსის პრინცესისთვის 2011 წელს შექმნილი საქორწილო კაბის უკან.
კრეატიული დირექტორის პოსტზე გამოცდილი დიზაინერის დანიშვნა, რომელსაც კონკურენტ Kering-თან (Alexander McQueen-ის მშობელი კომპანია) სამი ათწლეულის კარიერა აკავშირებს, მიანიშნებს იმაზე, რომ 72-წლიანი ისტორიის მქონე Givenchy კურსს ახალი ესთეტიკური მიმართულებისკენ იღებს.
სარა ბარტონმა Givenchy-ის კრეატიული დირექტორის პოსტზე მეთიუ უილიამსი შეცვალა. ამ უკანასკნელმა თანამდებობა დანიშვნიდან სამი წლის შემდეგ, დეკემბერში დატოვა. მეთიუ უილიამსის Givenchy მეტად იყო ფოკუსირებული ქუჩის მოდაზე და მისი კოლექციები ჰუდებს, დიდი ელვაშესაკრავით გამორჩეულ ჩანთებსა და ფეხსაცმელებს მოიცავდა.
რაც შეეხება სარა ბარტონს, როგორც ცნობილია, ის Givenchy-სთვის პირველ კოლექციას მომავალი წლის მარტში წარადგენს.
ცნობისთვის, LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $341.96 მილიარდს შეადგენს, რაც მას მოდის ინდუსტრიის უმსხვილეს კონგლომერატად აქცევს. Givenchy-ის გარდა, LVMH-ში ასევე შედის Tiffany, Dior-ი, Fendi, Marc Jacobs-ი, Stella McCartney, Loewe, Loro Piana, Kenzo, Celine-ი, Sephora, Princess Yachts-ი, TAG Heuer-ი და Bulgari.