LVMH ვირჯილ აბლოს ბრენდის 60%-იან წილს ყიდულობს

LVMH ვირჯილ აბლოს ბრენდის 60%-იან წილს ყიდულობს

ევროპის ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენმა, LVMH-ის მფლობელმა , ბერნარ არნომ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდის, Off-White-ის 60%-იანი წილი იყიდა. ინფორმაციას საკუთარ გვერდზე, თავად ფრანგული კორპორაცია ავრცელებს.

Off-White-ი 2013 წელს ვირჯილ აბლომ დააარსა. დიზაინერი 2018 წლიდან LVMH-თან თანამშრომლობს და „ლუი ვიტონის“ მამაკაცის ტანსაცმლის ხაზს ქმნის. მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, კომპანიის 40%-ის მესაკუთრე და ბრენდის კრეატიული დირექტორი კვლავაც დამფუძნებელი აბლო იქნება. მოლაპარაკებები დასრულებული არაა და მხარეები საბოლოო დეტალებს ჯერ კიდევ განიხილავენ.  ჯერჯერობით არც გარიგების ღირებულებაა ცნობილი, თუმცა სავარაუდოა, რომ ორი თვის ვადაში ეს ინფორმაციაც გასაჯაროვდება.

ბერნარ არნოს განცხადებით, აბლოს „გამორჩეული შემოქმედებითობა და ხედვა აქვს, რაც „ლუი ვიტონში“ მუშაობის დროს გამოავლინა კიდეც. თავად დიზაინერი კი ფიქრობს, რომ LVMH-ი Off-White-ს „მულტიდისციპლინარულ პრემიუმ-ბრენდად“ ქცევაში დაეხმარება.