Facebook-ი მალე მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას ამ სოციალური პლატფორმიდან შეტყობინებები პირდაპირ Instagram-ზე გაგზავნონ, ან პირიქით. ამის შესახებ კომპანიამ თავის ბლოგ-პოსტში განაცხადა. ეს ერთგვარი პირველი ნაბიჯია Facebook-ის გეგმების მიხედვით, რაც ამ ორი პლატფორმის შეტყობინებების დაგზავნის სისტემის გაერთიანებას ითვალისწინებს.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდიდან გახდება ეს შესაძლებელი, თუმცა, CNN-ის ცნობით, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და რამდენიმე ბაზარზე უკვე იტესტება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გლობალურად ფუნქცია მომდევნო თვეებში ამოქმედდება.
გარდა ამისა, Instagram-ის ”მესენჯერიც“ განახლდება, დაემატება მას ახალი “სტიკერები“, ფონი და ასევე შეტყობინებების გაქრობის ფუნქციაც.
აღსანიშნავია, რომ იმ მომხმარებლებს, რომელთაც არ ენდომებათ Instagram-ისა Facebook-ის შეტყობინებების ველის გაერთიანება, მათ ექნებათ შესაძლებლობა ეს ასე დატოვონ.
“ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორ დავაკავშიროთ ამ ორ პლატფორმასთან WhatsApp-ი. თუმცა, ამ ეტაპზე WhatsApp-ი დარჩება ცალკე, როგორც დაშიფრული აპლიკაცია“, – განაცხადა კომპანიის EMEA-ს რეგიონის ტექნოლოგიური კომუნიკაციების მენეჯერმა ალექსანდრუ ვოისამ.