გიორგი მამარდაშვილი France Football-მა 2024 წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოს (Yachine Trophy) ნომინანტებს შორის დაასახელა. გამარჯვებული 28 ოქტომბერს პარიზში, Ballon d’Or-ის ცერემონიაზე გამოვლინდება.
France Football-მა წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე სულ 10 ფეხბურთელი წარადგინა. მათ შორის არიან უკვე ნახსენები გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია/ლივერპული), დიოგუ კოშტა (პორტუ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), ანდრი ლუნინი (რეალი), მაიკ მენიო (მილანი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), უნაი სიმონი (ბილბაო), იან ზომერი (ინტერი) და რონვენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).
წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოს France Football-ი 2019 წლიდან გასცემს. პირველად ეს ტიტული ბრაზილიელმა ალისონ ბეკერმა (ლივერპული) მოიგო. ამის შემდეგ ჯილდო ჯანლუიჯი დონარუმამ, ტიბო კურტუამა და ემილიანო მარტინესმა მოიპოვეს.
გასულ სეზონში გიორგი მამარდაშვილმა თავი როგორც ესპანეთის საკლუბო ჩემპიონატაში, ლა-ლიგაში, ასევე EURO 2024-ზე გამოიჩინა. ამ ტურნირზე მან ყველაზე მეტი, 29 მოგერიება (სეივი) დააგროვა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გიორგიმ კონტრაქტი “ლივერპულთან” გააფორმა, თუმცა ის მიმდინარე სეზონში იჯარით “ვალენსიაში” დარჩა, “წითლებს” კი 2025 წლიდან შეუერთდება.