მარკ კიუბანსა და მირიამ ადელსონის ოჯახს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ საკალათბურთო გუნდ Dallas Mavericks-ის საკონტროლო წილის გაყიდვის თაობაზე, NBA-სგან ნებართვა მოიპოვა. ადელსონის ოჯახი Las Vegas Sands-ის მთავარი აქციონერია. გარიგების ღირებულება $3.5 მილიარდია.
საკალათბურთო ლიგის მმართველი საბჭოსგან თანხმობის მიღების შემდეგ ახლა უკვე მოსალოდნელია, რომ გარიგება ამ კვირაშივე დასრულდება. კიუბანი Dallas Mavericks-ის მცირე წილს შეინარჩუნებს. მიღწეული შეთანხმება კი კაზინოს ბიზნესის მაგნატ შელდონ ადელსონის ქვრივს მის მიზანთან, ააშენოს დალასში კაზინო და არენა-კომპლექსი, კიდევ უფრო აახლოებს. Sands-ი, რომელიც დიდ კურორტებზე სასტუმროებს, კაზინოებსა და გასართობ სივრცეებს ფლობს, წლებია, წარუმატებლად ცდილობს, ტეხასი კაზინოს აზარტული თამაშების ლეგალიზების საჭიროებაში დაარწმუნოს.
Mavericks-ის მმართველად ადელსონის სიძე, Las Vegas Sands-ის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი, პატრიკ დიუმონტი დაინიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, კიუბანი Mavericks-ის საკალათბურთო ოპერაციებზე კონტროლს შეინარჩუნებს. საკალათბურთო კლუბი ამერიკელმა ბიზნესმენმა 2000 წელს, $285 მილიონად შეიძინა.
მარტის მარეგულირებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ადელსონის ოჯახი Las Vegas Sands-ში 50%-ზე მეტ წილს ფლობდა, თუმცა გასულ თვეში, Mavericks-ის შესყიდვის დასაფინანსებლად, $2 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. Forbes-ის მიერ ადელსონის ოჯახის ქონება $32.3 მილიარდადაა შეფასებული. რაც შეეხება Mavericks-ს, ის Forbes-ის რეიტინგში 2023 წლის NBA-ის ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდებს შორის, $4.5 მილიარდით, მე-7 პოზიციაზე იყო წარმოდგენილი.