როგორ მოაღწიეს სუპერგმირებმა ჩვენამდე? როგორ გვაცნობენ ისინი თავს? ისიც მართალია, რომ მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ისინი ყოველთვის ახერხებენ სხვა სამყაროს მცხოვრებლებისთვის თავის შეხსენებას. აშკარაა, რომ მათ ვიღაც ან რაღაც უდგას მხარში. ეს “რაღაც“ კი “ვიღაცებისგან“ დაკომპლექტებული “მარველია“ – ბრენდი, რომელმაც სუპერგმირების პერსონალური აგენტობა იკისრა.
“მარველს“, პროდაქშენ-კომპანიას, რომელიც ერთ დროს გაკოტრების პირას იყო, ახლა კინოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე დიდშემოსავლიანი ფილმი “შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული“ ეკუთვნის. ალბათ გიჩნდებათ კითხვა: როგორ განიცადა მან ასეთი ევოლუცია? ამაზე კომპანიის სტრატეგების გამჭრიახობა გვპასუხობს.
სტილის ჩამოყალიბება:
1. უცნობი რეჟისორები და ცნობილი სუპერგმირები
პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ისაა, რომ “მარველის“ ფილმებს ცნობილი რეჟისორები არ ჰყავთ. მაგალითად, “რკინის კაცის“- რეჟისორ ჯონ ფავროს “მარველში“ დებიუტამდე მხოლოდ ერთ სათავგადასავლო ფილმზე, “ზათურაზე“ ჰქონდა ნამუშევარი, რომელმაც ზარალი გამოიწვია. რატომ აირჩიეს ფავრო, როდესაც თავისუფლად შეეძლოთ ჯეიმს ქემერონი მოეწვიათ? ეს იმიტომ, რომ კომპანია ზრუნავს, “მარველის“ კინემატოგრაფიული სამყაროს (MCU) სტილი არ დაირღვეს. ახალბედა რეჟისორებს გამბედაობა არ აქვთ საკუთარი “ხელწერის“ ფილმი გადაიღონ, შესაბამისად, “მარველისთვის“ უფრო ადვილი ხდება მათი და ფილმების სტილის კონტროლი.
2. ტექნიკური კონტროლი
“მარველი“ საკმაოდ მკაცრად აკონტროლებს საკუთარი ფილმების ტექნიკურ ასპექტებს. “დაქირავებულმა“ რეჟისორებმა არც იციან და არც უნდა იცოდნენ სპეცეფექტების შესახებ ბევრი, რადგან “მარველი“ კინოინდუსტრიის ტექნოლოგიებს თვითონ აკონტროლებს და მართავს.
ეს “მარველის“ კინემატოგრაფიულ ნაწარმს უნიკალურ ვიზუალურ სტილს სძენს.
3. პროდაქშენ-გეგმა
“მარველი“ ფილმებსა და სერიალებს ინტენსიურად უშვებს. უკვე 20 წლის განმავლობაში ყოველ რამდენიმე თვეში არენაზე ჩნდება “მარველის“ ახალი ნაწარმი. დასავლურ კინოინდუსტრიაში სხვა ასეთი მაგალითი არ მოიძებნება. სიმართლე ითქვას, ეს გეგმა საკმაოდ რისკიანია, თუმცა ფაქტია, ამართლებს.
შევადაროთ “მარველის“ პროდაქშენ-გეგმის შედეგი ორი სხვა უდიდესი კომპანიის შედეგებს:
1. ლუკასფილმი “ვარსკვლავთა ომების“ მშობლიური ქალაქია. ამ კომპანიამ 40 წლის განმავლობაში 8 ფილმი გამოუშვა, რომლითაც 7.7 მილიარდი დოლარი გლობალური მოგება ნახა.
2. ჯ.კ. როულინგის “ჰარი პოტერის“ ფრანშიზი ცხრა ფილმს მოიცავს, რომელიც 15 წლის განმავლობაში გამოვიდა და 8.5 მილიარდი გლობალური მოგება მოიტანა.
ცხადია, ორივე შედეგი დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა “მარველმა“ თავისი გამოჩენით სტანდარტები აამაღლა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ რეკორდი დადო.
“მარველის“ კინემატოგრაფიული სამყაროს ისტორია მხოლოდ 9 წლის წინ დაიწყო. ამ დროში მან გამოუშვა 16 ფილმი, რომლის შემოსავალიც 12.3 მილიარდი დოლარი იყო. ყოველ წელს იგი 1 მილიარდ დოლარზე მეტ მოგებას ნახულობს (პატარა ეკრანისთვის გათვლილი კინემატოგრაფიული ნაწარმის გამორიცხვით). ამ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა ფანების მასის იმ გზით “გამოკვებამ“, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.