ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსის შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე დღით შეძლო. Forbes-ის მონაცემებით, ის კვლავ მეორე ადგილს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ერთ დღეში მისი ქონება $14 მილიარდით შემცირდა. მასკის ქონება ახლა $176.2 მილიარდს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასკი ახლა პირველ ადგილზე მყოფ ჯეფ ბეზოსზე დაახლოებით $6 მილიარდით “ღარიბია“.
მასკის ქონების შემცირება ელექტრომწარმოებელი Tesla-ს აქციების დაცემამ განაპირობა. კერძოდ, ილონ მასკის კომპანიის აქციები ორშაბათს 8%-ით შემცირდა. ორშაბათის ვაჭრობის შედეგად Amazon-ის აქციებიც დაეცა, რამაც ბეზოსის ქონების $3.6 მილიარდით კლება გამოიწვია, თუმცა, ის კვლავ პლანეტის უმდიდრესი ადამიანია.
ცნობისთვის, 2020 წლის განმავლობაში ილონ მასკის ქონება დაახლოებით $150 მილიარდით გაიზარდა. ის გასული წლის მარტში მხოლოდ $24.6 მილიარდის მფლობელი იყო. მასკის ქონების ზრდა Tesla-ს აქციების რეკორდულმა მატებამ განაპირობა. კერძოდ, ელექტრომწარმოებელი 2020-ში 720%-ით გაძვირდა.
ამგვარად, Tesla მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელია, გასულ წელს კომპანიამ ნახევარი მილიონი ელექტრომობილი აწარმოა.