ილონ მასკის სტარტაპ Neuralink-ის ტვინის იმპლანტი ადამიანზე პირველად გამოცადეს. როგორც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავად მილიარდერი აღნიშნავს, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და პროცედურის საწყისი შედეგებიც იმედის მომცემია.
Neuralink-ის ტვინის იმპლანტის მიზანი ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა. ჩიპი ადამიანს საშუალებას მისცემს, კომპიუტერები ან სხვა მოწყობილობები, მხოლოდ თავისი აზრების გამოყენებით მართოს. ჩიპის ადამიანებზე გამოცდისთვის, მასკის სტარტაპმა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის სააგენტოსგან (FDA) თანხმობა მაისში მოიპოვა. გასული წლის ბოლოს კი ცდებისთვის პაციენტების მიღება დაიწყო.
Neuralink-ის პირველ პროდუქტს „ტელეპატია“ ჰქვია. მასკის ინფორმაციით, პროდუქტის მომხმარებლები საწყის ეტაპზე იქნებიან პაციენტები, რომელთაც კიდურების მოძრაობის ფუნქცია დაკარგული აქვთ. „წარმოიდგინეთ, სტივენ ჰოპკინსს უფრო სწრაფად კომუნიკაცია რომ შესძლებოდა, ვიდრე საბეჭდი მოწყობილობით. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი“, – წერს მილიარდერი.
ადამიანებზე პირველი ეტაპის ცდებში 5-10 პაციენტი იქნება ჩართული და ის დაახლოებით 6 თვეს გაგრძელდება. მასკის სტარტაპის პროგნოზით, 2024 წელს, საერთო ჯამში, 11 ოპერაცია უნდა ჩატარდეს.