ილონ მასკის AI-სტარტაპმა, აქციების გაყიდვით, ინვესტორებისგან $6 მილიარდი მოიზიდა. შედეგიანი დაფინანსების რაუნდი კიდევ უფრო აძლიერებს მასკის ამბიციებს, რომ მისი კომპანია xAI შეძლებს ბაზარზე ისეთ წამყვან მოთამაშეებს გაუწიოს კონკურენცია, როგორიც ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI, Google-ი და Anthropic-ი არიან.
ბლოგპოსტში, xAI-მ B-სერიის დაფინანსების რაუნდში მონაწილე ინვესტორებს შორის დაასახელა Andreessen Horowitz-ი, Sequoia Capital-ი, საუდის პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი, Fidelity Management & Research Company და სხვები. კომპანიის განცხადებით, დაფინანსების ბოლო რაუნში მოზიდული თანხა თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და ტექნოლოგიური კვლევისა და განვითარების დასაჩქარებლად იქნება გამოყენებული.
მასკმა პლატფორმა X-ზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ დაფინანსების რაუნდამდე xAI-ის საბაზრო ღირებულება $18 მილიარდს უტოლდებოდა. იმავე პოსტში მასკმა ახალი პროდუქტები და ტექნოლოგიური განახლებებიც დააანონსა, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან გამოჩნდება. ამ ეტაპზე მასკი ხელოვნური ინტელექტის დეველოპერების დაქირავებას იწყებს და ეძებს ტალანტებს, რომელთაც მათ მსგავსად, „ჭეშმარიტებაზე მკაცრად ორიენტირებული სამყაროს გაგების მისიის სჯერათ“.
ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI მასკმა გასული წლის აპრილში წარადგინა. გასული წლის ბოლოს, ChatGPT-თან კონკურენციის მიზნით, xAI-იმ მისი პირველი პროდუქტი, AI-ბოტი, სახელწოდებით Grok-ი წარადგინა.