ელონ მასკს დიდი კვირა ჰქონდა. Tesla–ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ახალგაზრდობის ოცნება აისრულა და ორი ამერიკელი ასტრონავტი კოსმოსში პირველად გაუშვა. ამ წარმატებამ მას 770 მილიონი დოლარიც მოუტანა, თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო.
ორი წლის წინ Tesla-ს აქციონერების მიერ შემუშავებული კომპენსაციის გეგმის მიხედვით, მასკმა მიიღო შესაძლებლობა 1.7 მილიონი აქცია ეყიდა ნახევარ ფასად. კერძოდ, მან Tesla-ს ერთ აქციაში $350.02 გადაიხადა.
კერძოდ, Tesla-მ მიაღწია მიზანს რაც გეგმით იყო გათვალისწინებული და მისი საბაზრო ღირებულება $100 მილიარდით გაიზარდა ექვს თვეში. ახალი აქციები კი მასკს თეორიულად $770 მილიონის მოგებას აძლევს.
მასკი ამჟამად 38.7 მილიონ აქციას ფლობს Tesla-ში, რაც კომპანიის 20.8%-იანი წილია. და რაც $32.3 მილიარდადაა შეფასებული პარასკევის ვაჭრობის მიხედვით.
SpaceX-მა და NASA-მ Falcon 9-ის მეშვეობით ასტრონავტების დაგ ჰარლისა და ბობ ბენკენის რამდენიმე დღის წინ გაუშვეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანი კოსმოსში სრულად კერძო კონტრაქტორის მიერ შექმნილი რაკეტით გაფრინდა. ამასთან, 2011 წლის შემდეგ, ეს აშშ-ის ტერიტორიიდან ასტრონავტების გაფრენის პირველი შემთხვევაა, რადგანაც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ ამ მომსახურებისთვის Roscosmos-ის სერვისს ყიდულობდა და საკუთარ ასტრონავტებს ბაიკანურის კოსმოდრომიდან უშვებდა.