Maxar: რუსულ გემებს უკრაინული მარცვლეული სირიაში გადააქვთ

Maxar: რუსულ გემებს უკრაინული მარცვლეული სირიაში გადააქვთ

სატელიტური მონაცემების ამერიკული კომპანიის, Maxar-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს უკრაინული მარცვლეული სირიაში გადააქვთ.

კომპანიის მიერ წარმოდგენილ ფოტომასალაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი გემი ჩანს, რომელთაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის სევასტოპოლის პორტში მარცვლეულით ტვირთავენ.

რამდენიმე დღის შემდეგ კი აღნიშნული გემები, Maxar-ის სატელიტური სურათების მიხედვით, სირიის პორტში შევიდნენ. ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ პორტში გაჩერებულ გემებთან სატვირთოებია განლაგებული, რომლებიც მარცვლეულის ჩატვირთვას ელოდებიან. ეს ფოტოები Maxar-მა მაისში მოიპოვა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ივნისში მსგავსი მარშრუტი სევასტოპოლის პორტიდან კიდევ ერთმა გემმა გაიარა. შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში უკრაინამ რუსეთი მარცვლეულის მოპარვაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთანავე, რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირების გამო, ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი ფერხდება.

რუსეთი და უკრაინა ხორბლის გლობალური ექსპორტის 29%-ზე არიან პასუხისმგებელნი. აღნიშნული შეფერხებები კი სურსათის მიწოდებას საფრთხეს მთელ მსოფლიოში უქმნის.

8 ივნისს, უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან 600 000 ტონა მარცვლეული მოიპარა. მსოფლიო ლიდერები ამჟამად უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ სქემებზე მუშაობენ. ერთ-ერთ ასეთ ალტერნატივად სარკინიგზო ქსელის გამოყენება განიხილება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *