HASC-ის თავმჯდომარე: თურქეთი F-35-ების პროგრამაში არ დაბრუნდება

HASC-ის თავმჯდომარე: თურქეთი F-35-ების პროგრამაში არ დაბრუნდება

შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის (HASC) თავმჯდომარე ადამ სმიტის განცხადებით, თურქეთი F-35-ის ტიპის სტელს საბრძოლო თვითმფრინავის პროგრამაში არ დაბრუნდება. ამის მიზეზი კი თურქეთის პოზიციაა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით.

„თურქეთი F-35-ების პროგრამას არ დაუბრუნდება“ – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის შეიარაღებული ძალები კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი 1.4 მილიარდ დოლარიან ამერიკული მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის, F-35-ების პროგრამას 2019 წელს გამოეთიშა. მიზეზი კი რუსეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის, S-400-ების შეძენა გახლდათ. ანკარას აშშ-ის მიერ შეთავაზებული პროგრამით Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული 100 ერთეული უახლესი ტექნოლოგიის მქონე F-35-ები უნდა მიეღო.

ამერიკელების არგუმენტი S-400-ის ნატოს სტანდარტებთან შეუსაბამობა გახლდათ. მათი განმარტებით, აღნიშნული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა F-35-ების მახასიათებლების გასამჟღავნებლადაც შეიძლებოდა გამოეყენებინათ. თურქეთმა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკული Patriot-ების შეძენაზე უარი ეთქვა.

ბუნებრივია, რომ აშშ-ს არ სურს F-35-ების შესახებ კრიტიკული ინფორმაციის გამჟღავნების მცირედი შანსი მაინც გაჩნდეს. ამიტომაც, ადამ სმიტის განმარტებით, თურქეთის აღნიშნულ პროგრამაში დაბრუნება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრების შესახებ ოფიციალური განაცხადი 18 მაისს წარადგინეს. თუმცა, თურქეთმა საკუთარ პოზიციას ხაზი მაშინვე გაუსვა. მას შემდეგ, საზოგადოებაში აქტიურად ვრცელდებოდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თურქეთს შესაძლოა პოზიცია სწორედ F-35-ების პროგრამასთან მიერთების გამო შეეცვალა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *