კაფსულის ყავის მწარმოებელ ქართულ კომპანიის, Meama-ს მარკეტინგის დეპარტამენტს, რომელიც ბრენდის, კრეატივისა და მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებებს აერთიანებს, Forbes-ის 30-წლამდელთა კონკურსის გამარჯვებული, მარიშა გოგოლაური უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მარიშა ამბობს, Meama-სთან პროფესიული ცხოვრების დაკავშირება მისთვის მეტად საინტერესო და ბუნებრივია, რადგან წლების განმავლობაში, ის მის ერთ-ერთ უსაყვარლეს ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდა. „Meama-ში სანამ გადავიდოდი, ის ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ქართული ბრენდი იყო, როგორც მომხმარებლის გადმოსახედიდან, ასევე მარკეტინგულად და ბრენდის პოზიციონირების კუთხით. ახლა, Meama-სთვის გარდამტეხი პერიოდია – კომპანია ახალ ბაზრებზე შესვლას, ახალი პროდუქტების გამოშვებას და მასშტაბირებას გეგმავს. ჩემთვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, მაგრამ Meama-ს გუნდთან ერთად, მას თავს გავართმევთ“, – აღნიშნავს მარიშა გოგოლაური Forbes Georgia-სთან საუბრისას.
Meama-ში მის ამჟამინდელ პრიორიტეტებს შორის, მარიშა მომხმარებლებთან სიახლოვეს, მათთვის ბრენდის უკვეთ გაცნობას, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას და კომპანიის მასშტაბირებას ასახელებს. „გვსურს, რომ მომხმარებლებმა უკეთ გაიგონ ჩვენი ყავის ინგრედიენტების წარმომავლობის შესახებ, რადგან საქართველოში ჩამოსვლამდე, თითოეული მათგანი უნიკალურ გზას გადის. როგორც იცით, Meama სხვადასხვა მიმართულების პროექტებს, პროდუქტებსა და მომსახურებებს, მათ შორის ყავას, ჩაის, „დროპერებსა“ და „ქოლექთს“ აერთიანებს. 2023 წელს დაახლოებით 30-მდე ახალი პროდუქტის გამოშვებასაც ვგეგმავთ. წელს, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით მომხმარებლებისთვის ჩვენი უნიკალური საწარმოს უკეთ გაცნობაც შესაძლებელი გახდება“, – ამბობს მარიშა გოგოლაური.
მარკეტერობის გარდა, მარიშა ტექნოლოგიური სფეროს ანტრეპრენიორიცაა. Meama-ში მუშაობის პარალელურად, მარიშა გოგოლაური საგანმანათლებლო-ტექნოლოგიურ სტარტაპს, Upway-ის თანადამფუძნებელია. Meama-ში გადასვლამდე, მარიშა Episode Hotels-ის მარკეტინგს და ციფრული პროდუქტის განვითარებას ხელმძღვანელობდა, მანამდე კი, წლების განმავლობაში, თიბისის მარკეტინგულ გუნდში მუშაობდა.
მარიშა გოგოლაური Forbes-ის 30-წლამდელთა 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულია, ანტრეპრენიორობისა და მეწარმეების კატეგორიაში.