Meta კალიფორნიაში პირველ ფიზიკურ მაღაზიას ხსნის

Meta კალიფორნიაში პირველ ფიზიკურ მაღაზიას ხსნის

მიმდინარე წლის 9 მაისს, Meta-ს კალიფორნიულ კამპუსზე კომპანიის პირველი ფიზიკური მაღაზია გაიხსნება, – ამის შესახებ საზოგადოებას Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ამცნო. როგორც ირკვევა, მაღაზიაში მომხმარებლები Quest-ის ვირტუალური რეალობის სათვალეების, Portal-ის ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი პლანშეტებისა და Ray-Ban-ის ჭკვიანი სათვალეების, Ray-Ban Stories-ის ყიდვას, ასევე სხვადასხვა პროდუქტის გამოცდას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური მაღაზიის გახსნის პარალელურად, პროდუქტების შეძენის ფუნქციონალი Meta-ს ვებგვერდზეც გამოჩნდება.

საცალო მაღაზიის გახსნით Meta საკუთარი მოწყობილობების გაყიდვის შემდეგ ეტაპზე გადადის. ამ დრომდე Meta პროდუქტებს სხვადასხვა კომპანიასთან პარტნიორობით ყიდდა: მისი ვირტუალური რეალობის სათვალეები Best Buy-ში იყიდებოდა, ხოლო Ray-Ban Stories-ი – სათვალეების მწარმოებელი კომპანიის ბრენდირებულ მაღაზიებში. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფიზიკური მაღაზია Google-მაც გახსნა.

როგორც ჩანს, ეს მაღაზია ექსპერიმენტი უფროა, ვიდრე კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული პროექტი. საქმე ისაა, რომ მაღაზია Meta-ს კალიფორნიულ კამპუსზე, Reality Labs-ის სათავო ოფისის მიმდებარედ იხსნება და არა ურბანულ ადგილას, როგორც მანჰეტენზე მდებარე Google-ის მაღაზია. ამასთანავე, მაღაზია დილის თერთმეტიდან საღამოს ექვს საათამდე იქნება გახსნილი, რაც არც თუ ისე სახარბიელო დროა შოპინგისთვის. Meta-ს ფიზიკური მაღაზიის ხელმძღვანელმა, მარტინ გილიარდმა განაცხადა, რომ კამპუსზე მდებარე ეს მაღაზია მათ მომხმარებლის კომპანიასთან დაახლოებისა და ექსპერიმენტების საშუალებას მისცემს, რაც თავისთავად, კომპანიას საცალო გაყიდვების სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრაში დაეხმარება.