მსოფლიოს წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მეტავერსის საერთო სტანდარტებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყეს – სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი ორგანიზაცია, სახელწოდებით Metaverse Standards Forum-ი, რომლის დამფუძნებლებს შორის Meta, Microsoft-ი Huawei, NVIDIA, Qualcomm-ი, Sony, Epic Games-ი, Unity და Adobe-ი არიან.
საინტერესოა, რომ კომპანიების ჩამონათვალში არ არის Apple-ი. თავად ეს გადაწყვეტილება უცნაური და ბურუსით მოცულია, რადგან ტექნოლოგიურ გიგანტს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს გაფართოებულ და ვირტუალურ რეალობასთან დაკავშირებით და მეტიც, მოსალოდნელია, რომ Apple-ი ამ მიმართულებით ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშედ იქცევა.
თუმცა, Apple-ის გარდა, „მეტავერსის სტანდარტების ფორუმის“ დამფუძნებელ წევრებს შორის ვერც Google-ს ვხედავთ, რომელიც, Apple-ისა არ იყოს, გაფართოებული რეალობის სათვალეზე თავადაც მუშაობს. ისე კი, სიაში ვერც Pokèmon Go-ს შემქმნელი Niantic-ი მოხვდა და ვერც მეტავერსის მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია Roblox-ი.
აღსანიშნავია, რომ „მეტავერსის სტანდარტების ფორუმში“ გაწევრიანება ყველასათვის უფასო და ღიაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანებას Apple-ი, Google-ი და კომპანიები მოგვიანებითაც შეძლებენ, მთავარია, ამის სურვილი ჰქონდეთ. ისე კი, საერთო სტანდარტების შემოღებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ბაზრის წამყვანი მოთამაშეები იყვნენ ჩართულნი.
„ინდუსტრიის არაერთმა ლიდერმა კომპანიამ განაცხადა, რომ მეტავერსი საკუთარი პოტენციალის სრულყოფას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ ის ღია სტანდარტებისგან შემდგარ საფუძველზე აშენდება“, – ვკითხულობთ Metaverse Standards Forum-ის პრესრელიზში.
წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისგან შემდგარმა ჯგუფმა ისიც განაცხადა, რომ ორგანიზაცია პრაგმატულ და აქტივობაზე დაფუძნებულ პროექტებზეც იმუშავებს, რაც, უმეტესწილად, სხვადასხვა ტიპის ჰაკათონების მოწყობასა და ღია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას ნიშნავს.