მეწარმეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მხარდასაჭერად თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობას ემიჯნებიან და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, სპეციალური ონლაინპლატფორმა Happy EU Year შეიქმნა.
პლატფორმა იდეის გარშემო – მეწარმეები ევროპული ახალი წლისთვის! – გაერთიანდა. ის ბიზნესებს იმ მომხმარებლებთან დააკავშირებს, რომლებიც პროევროპულ შეხედულებებს იზიარებენ და პროტესტში მონაწილე მეწარმეების მხარდაჭერა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადება სურთ.
Happy EU Year-ზე მომხმარებელს საშუალება ექნება, კომპანიების ჩამონათვალს კატეგორიების მიხედვით გაეცნოს, დაინტერესების შემთხვევაში კი მითითებულ Facebook, Instagram ან სხვა ონლაინგვერდებზე გადავიდეს და საჩუქრები შეარჩიოს.
მეწარმეებს პლატფორმაზე დარეგისტრირება ვებგვერდიდანვე შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა, მთავარ გვერდზე მიუთითოთ „მეწარმის რეგისტრაცია“-ზე და მიჰყვეთ ინსტრუქციას.