ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ი და ამერიკული საინვესტიციო ფირმა BlackRock-ი მონაცემთა შემნახველი ცენტრებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივის გარშემო გაერთიანდნენ. ამერიკული კომპანიების მიზანი ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერაა.
Microsoft-ი და BlackRock-ი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოპერირებად საინვესტიციო ფირმა MGX-თან ერთად, კერძო დაფინანსების რაუნდში $30 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. მათი თქმით, ეს თანხა დამატებით $100 მილიარდამდე პოტენციური ინვესტიციების შესაქმნელად იქნება გამოყენებული. კომპანიების ძალისხმევა ხაზს უსვამს მზარდ მოთხოვნილებას ძლიერ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სწორედ ხელოვნური ინტელექტის ბუმის შედეგად წარმოიქმნა.
ინფრასტრუქტურული ინვესტიციები – მათ შორის ენერგეტიკული პროექტები – ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება. დაფინანსების ნაწილი კი აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებზე გადანაწილდება. არსებული გეგმა ახალი ინვესტორების მოზიდვასაც ითვალისწინებს, დაფინანსება კი კომპანიების გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
კონსორციუმი Global Infrastructure Partners-ს, აბუ-დაბის MGX-ისა და ჩიპების მწარმოებელ Nvidia-ს აერთიანებს. შეგახსენებთ, Global Infrastructure Partners-ი გასულ წელს BlackRock-მა $12.5 მილიარდად შეისყიდა, ხოლო MGX მიმდინარე წელს სწორედ ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებისთვის შეიქმნა. რაც შეეხება Microsoft-ს, ამერიკულმა კომპანიამ OpenAI-ში $13 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დაფინანსებებს კვლავ განაგრძობს.
ცნობისთვის, ენერგიის მაღალი მოხმარებიდან გამომდინარე, ენერგომწარმოებლებს უჭირთ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც აშშ-ში AI-მონაცემთა ცენტრებიდან მოდის. Bloomberg Intelligence-ის თანახმად, ამ ობიექტების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 2030 წლისთვის 10-ჯერ გაიზრდება.