გუშინ ამერიკულმა ტექგიგანტმა, Microsoft-მა გასული ფინანსური კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. რიგი პარამეტრების მიხედვით, აღნიშნული კვარტალი კომპანიის ისტორიაში საუკეთესო აღმოჩნდა.
საანგარიშო პერიოდში Microsoft-ის გაყიდვებმა $56.2 მილიარდი შეადგინა, ერთ აქციაზე მოგების მაჩვენებელი კი 2.69 აშშ დოლარია. FactSet-ის პროგნოზით, გაყიდვების მოსალოდნელი მაჩვენებელი $55.5 მილიარდი გახლდათ.
რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა კომპანიის მთლიან გაყიდვებსა და წმინდა მოგებაში და მან $20.1 მილიარდი შეადგინა. ტექანალიტიკოსებისა და ფინანსისტების განმარტებით, ამ შედეგების მთავარი მამოძრავებელი ძალა კომპანიის AI-მიმართულება გახლავთ.
მიუხედავად ამისა, Microsoft-ის ფინანსური შედეგების მიხედვით, კომპანიას ყველა მიმართულებით ზრდა არა აქვს. მაგალითად, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4%-ითაა შემცირებული Windows-ის, Bing-ისა და სათამაშო მიმართულების გაყიდვები.
ცნობისათვის, Microsoft-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 50%-ითაა გაზრდილი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წელს უკვე 800 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც ინვესტორების მხრიდან Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებისათვის ნდობის გამოცხადების დამსახურებაა.