მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე $1 მილიარდის აქციები გაყიდა

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე $1 მილიარდის აქციები გაყიდა

Kaspi.kz-ის ყველაზე მსხვილმა აქციონირებმა, ამერიკული Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსების შედეგად (IPO), 1 მილიარდი დოლარი მოიზიდეს.

განცხადების თანახმად, ინვესტორებმა 11.3 მილიონი აქცია გაყიდეს, თითოეული 92 დოლარად.

თავდაპირველად, კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში შეტანილი განაცხადის თანახმად, Kaspi.kz-ის მფლობელები 9 მილიონი აქციის გაყიდვას 873 მილიონ დოლარად გეგმავდნენ.

აქციების გამყიდველ მეწილეებს შორის არიან მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძე, ვიაჩესლავ კიმი და Asia Equity Partners Ltd.-ი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქციები უკვე განთავსებულია ლონდონისა და ყაზახეთის საფონდო ბირჟებზე. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 95 ამერიკულ დოლარს შეადგენს. IPO-ს შემდეგ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 18 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე შეადგენს.

კომპანიის წამყვანი აქციონერები მიხეილ ლომთაძე (24.55%), ვიაჩესლავ კიმი (23.55%) და Baring Bostok Funds-ი (28.8%) არიან. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძის ქონებას Forbes-ი 4.5 მლრდ აშშ დოლარად აფასებს.

Kaspi.kz-ი ცენტრალური აზიის ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ-კომპანიად მიიჩნევა და აერთიანებს როგორც საბანკო სერვისებს, ასევე P2P-გადარიცხვებს, ონლაინმაღაზიასა და მიტანის სერვისს. მის Super App-ს თვეში საშუალოდ 13.5 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.

ცნობისთვის, აქციების პირველადი განთავსება (ინგლისურად Initial Public Offering) არის კომპანიის მიერ აქციების პირველი საჯაროდ გაყიდვა. კომპანია აქციებს კაპიტალის გაზრდის მიზნით ყიდის. კაპიტალის ზრდა კი კომპანიის საქმიანობის გაფართოებას უწყობს ხელს. IPO-ს შემდეგ კომპანიას საჯარო კომპანიად მოიხსენიებენ.

კერძოდან საჯარო კომპანიად გარდაქმნის პროცესი უმნიშვნელოვანესი ეტაპია კომპანიის განვითარებასა და პირვანდელი ინვესტორების (რომლებსაც წილი IPO-მდე ჰქონდათ) აქტივების ზრდაში. აქციები საფონდო ბირჟაზე იყიდება და თუ IPO წარმატებით განხორციელდა, კომპანიის კაპიტალი მნიშვნელოვნად იზრდება და კომპანიას საბაზრო ფასი ედება, რასაც საბაზრო კაპიტალიზაციას უწოდებენ.