მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 3.4-ჯერ შემცირდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 3.4-ჯერ შემცირდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება შეუმცირდათ. გასულ წელს საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2016 წელს 3.4-ჯერ ჩამორჩება. შედარებისთვის, 2016 წელს მისოების წმინდა მოგება 151.8 მლნ ლარს შეადგენდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება გასულ წელს, ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. შედარებისთვის, 2015 წელს სექტორის წმინდა მოგება 124.2 მლნ ლარი იყო, 2014-ში 79,8 მლნ,  2013 წელს 61.9 მლნ, ხოლო 2012 –  49.3 მლნ ლარი.

2017 წლის ბოლოს საქართველოში 75 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა. დასაქმებულთა რაოდენობით „კრისტალი“ ლიდერობს. კომპანიას 896 თანამშრომელი ჰყავს, მას მოსდევს „რიკო ექსპრესი“ 342 თანამშრომლით და „კრედიტსერვისი +“ 335 თანამშრომლით. ყველაზე მეტი სერვის ცენტრი და ფილიალიც „კრისტალს“ აქვს და მათი რაოდენობა 58-ს შეადგენს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გასულ წელს 794 481 სესხი გასცეს. ყველაზე დიდი წილი კი სამომხმარებლო სესხებს უკავია (592 816). მას მოსდევს ვაჭრობისა და მომსახურების სფერო  (70 508) და სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა (39 781). მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულმა სესხებმა ჯამში, გასულ წელს, 1 136 950 694 ლარი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი წილი კვლავ სამომხმარებლო სესხებზე მოდის – 671 352 864 ლარი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.