10 სექტემბერს ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ხუთდღიანი კერძო მისიის, Polaris Dawn-ის ფარგლებში კოსმოსში ოთხი ადამიანი გაუშვა. Crew Dragon-ის ბორტზე იმყოფება მისიის მეთაური, მილიარდერი მეწარმე ჯარედ აიზეკმენი, ასევე ყოფილი სამხედრო პილოტი სკოტ პოტიტი და SpaceX-ის ორი თანამშრომელი.
ცოტა ხნის წინ ჯარედ აიზეკმენი გახდა პირველი ტურისტი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა. აქამდე ღია კოსმოსში მხოლოდ ასტრონავტები იყვნენ გასულნი. ისტორიული მოვლენა დედამიწიდან 737 კილომეტრის დაშორებით მოხდა.
Polaris Dawn-ი Crew Dragon-ის მეხუთე – და ყველაზე სარისკო – კერძო მისიაა. კოსმოსური ხომალდი დედამიწას 1400 კმ-მდე მანძილზე დაშორდა, შემდეგ კი უკან სვლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პლანეტიდან ასე შორს ადამიანი მთვარის პროგრამა Apollo-ს შემდეგ (1972 წელი) არ ყოფილა.
რაც შეეხება ჯარედ აიზეკმენს, ის, ამერიკული Forbes-ის ბოლო მონაცემებით, 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს. შედეგად, აიზეკმენი მილიარდერების რეიტინგში 1772-ე ადგილს იკავებს.
აიზეკმენი გადახდების ფირმა Shift4 Payments-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. გარდა ამისა, მისი დაარსებულია Draken International-ი, თავდაცვის კომპანია, რომელიც საჰაერო ძალების პილოტებს ამზადებს და მსოფლიოში სამხედრო თვითმფრინავების ყველაზე დიდ კერძო ფლოტს ფლობს.