NBA-ის გუნდმა, „მილოუკი ბაქსმა“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
მამუკელაშვილსა და „მილოუკი ბაქსს“ შორის ურთიერთობა 2021 წელს დაიწყო. სანდრომ ამ გუნდის შემადგენლობაში ორი სეზონის განმავლობაში 65 თამაშში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მან ორმაგი კონტრაქტის საფუძველზე G ლიგის გუნდ „ვისკონსინ ჰერდის“ რიგებში 30 მატჩი ჩაატარა. სწორედ „ჰერდიდან“ მოხვდა წლევანდელ G ლიგის „ოლ სტარის“ მატჩზე და Next Up Game-ის სახელწოდებით ცნობილი შეხვედრა მოიგო.
ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს მამუკელაშვილი კარიერას.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გუნდიდან გოგა ბითაძე გაუშვა „ინდიანა პეისერსმა“, თუმცა ქართველმა კალათბურთელმა ახალი გუნდი მალევე იპოვა. გოგა NBA-ში დარჩა და კარიერას „ორლანდო მეჯიქში“ აგრძელებს.