დღეიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 10 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს გაუშვებს.
ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.
განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან “გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.
უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები “იმერეთი-დედაჩემი” ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს დავით კაკაბაძეს დაბადებიდან 130 წლისთავი უსრულდება და ამდენად, გარკვეულწილად სიმბოლურია, რომ განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის გამოშვება სწორედ საიუბილეო წელს მოხდება.
განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.
ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინის შემადგენელი დეტალები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული დამცავ ნიშნებთან, მათი გაფორმების სტილი, პარამეტრები და დამცავი ნიშნები თანამედროვე, აპრობირებული და თანმიმდევრულია თითოეული ნომინალისათვის და მთლიანობაში ქმნის ერთიანი ოჯახის კონცეფციას, რაც იყო კიდევაც პროექტის ძირითადი მიზანი.
ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინი შექმნა ბაჩა მალაზონიამ.