MIT-ის ახალ სამედიცინო ნიღაბს ორგანიზმში კორონავირუსის აღმოჩენა შეუძლია

MIT-ის ახალ სამედიცინო ნიღაბს ორგანიზმში კორონავირუსის აღმოჩენა შეუძლია

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უახლესი ნიღაბი წარმოადგინეს, რომელსაც კოვიდ-19-ის დიაგნოსტირება, სულ რაღაც 90 წუთში შეუძლია, – ამის შესახებ ინფორმაციას MIT აქვეყნებს. ნიღაბს მცირე ზომის ერთჯერადი მოხმარების სენსორი აკრია და მისი პროგრამირება სხვა ვირუსების აღმოსაჩენადაც შეიძლება. „ეს ტესტი ისეთივე სენსიტიურია, როგორც ოქროს სტანდარტი, უაღრესად მგრძნობიარე PCR ტესტი, თუმცა, ამავდროულად, ის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტივით სწრაფია“, – აღნიშნავს ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, პიტერნ ნგუიენი.

ფოტო: MIT News Office

აღსანიშნავია, რომ ნიღაბში არსებული სენსორები სუბლიმაციური შრობის ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად მიიღება – ისევე, როგორც ქაღალდზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური საშუალებები, რომელთაც ებოლასა და ზიკას ვირუსების აღმოსაჩენად იყენებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ სენსორების გამოყენება შეიძლება არამხოლოდ სამედიცინო ნიღბებში, არამედ ტანსაცმელში, რითაც სხვადასხვა პათოგენების აღმოჩენა შეიძლება. „ამ მიღწევის საშუალებით ახალი თაობის ბიოსენსორების შექმნა შეგვიძლია, რომელთაც ჯანდაცვის პირველი რგოლის მუშაკები და სამხედროები მოირგებენ“, – აღნიშნავს MIT-ს პროფესორი, ჯეიმზ კოლინსი.

აღსანიშნავია, რომ სენსორების ჩართვა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, ხოლო კვლევის შედეგები, პაციენტის პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, ნიღბის შიგნითა მხარეს ჩნდება. ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა პროფესორმა ჯეიმს კოლინსმა დიდი ხნის წინ დაიწყო – 2014-ში, მან ქაღალდის დიაგნოსტიკური საშუალებები წარმოადგინა, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა ებოლასა და ზიკას ვირუსების აღმოსაჩენად, ხოლო 2017-ში, მან CRISPR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სენსორი წარმოადგინა, სახელწოდებით „SHERLOCK“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *